ახალციხეში, რუსთაველის ქ. N99ა-ში მდებარე აფეთქებული კორპუსის რეაბილიტაცია 8 ნოემბერს ოფიციალურად დასრულდა. სამუშაოებში ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 148 ათას ლარამდე დაიხარჯა. თითქმის ორწლიანი ლოდინის შემდეგ, კორპუსის მაცხოვრებლები შინ დაბრუნდებიან.
„რუსთაველის ქუჩა №99-ში მდებარე შენობაში პროექტით გათვალისწინებული, როგორც გამაგრებითი, ისე წყალ-საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და მობინადრეების ნაწილი უკვე შესულია თავიანთ ბინებში. თუ სადმე, რაიმე სახის პრობლემა გამოიკვეთება, მერია მზად არის შეისწავლოს საკითხი და შესაბამისი დახმარება გაუწიოს კორპუსის მაცხოვრებლებს“,–აცხადებენ მერიაში.
ხუთსართულიანი კორპუსის სარდაფში აფეთქება 2020 წლის 24 დეკემბერს მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა შენობა კი დაზიანდა. აქ მცხოვრებლებს, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
აფეთქება სარდაფში, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. გაზი მიწისქვეშ მდებარე იმ მილიდან ჟონავდა, რომელიც შემთხვევამდე ოთხი დღით ადრე დაზიანდა. სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კორპუსი დიდი მასშტაბის აფეთქებისგან პირველ სართულზე არსებულმა ვიტრაჟებმა იხსნა.
შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
აფეთქების შედეგად დაზიანებული რესტორნის მეპატრონე შპს „ინტერ გაზს“ სასამართლოში უჩივის. მხარე გაზმომარაგების კომპანიას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას სთხოვს.