რატომ გაითხოვა სარჩელი კომპანიამ, რომელიც ახალციხის მერიას უჩივის

342

9 ნოემბერს  სასამართლოში, ახალციხის მერიის წინააღმდეგ შპს „მშენ +“-ის სამოქალაქო საჩივრის განხილვის მორიგი პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა არ შედგა. როგორც შპს ,,მშენ +“-ის ადვოკატმა, რევაზ ცირეკიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, სახელმწიფო ბაჟის თანხის გადაუხდელობის გამო, იძულებული გახდა სარჩელი  უკან გაეთხოვა. მისივე თქმით, ეს დროებითია, რადგან თანხის შეტანის შემდეგ პროცესები ისევ განახლდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

კომპანია მერიას იმ ჯარიმების გაუქმებას სთხოვს, რაც ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში სამუშაოების შეუსრულებლობის გამო დააკისრა. შპს–ს დირექტორის, ნოდარ ბურბურაშვილის განმარტებით, თვითმმართველობამ თანხა, ჯამში 271 000 ლარი, სამ ნაწილად ჩამოაჭრა.

ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოდან საქმის გამოთხოვა ფინანსური პრობლემების გამო მოხდა, რადგან კომპანიამ სახელმიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლო.

„ამიტომ ვითხოვდით სასამართლოში პროცესის დროებით გადადებას, მაგრამ ვერ მოხერხდა. შესაბამისად გავითხოვეთ საქმე, უახლოეს დღეებში გადავიხდით ბაჟის თანხას და გავაგრძელებთ საქმეს“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ რევაზ ცირეკიძე.

ცნობისთვის, ხელშეკრულების პირობის თანახმად, კომპანიას სამუშაოები 2021 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით უნდა დაესრულებინა. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა დადებულ ხელშეკრულებაში სხვადასხვა სახის ცვლილება 10-ჯერ შევიდა, ერთ-ერთი ცვილების საფუძველზე, რომელიც  2021 წლის 30 სექტემბერს განხორციელდა, შემსრულებელს სამუშაოების გახანგრძლივების ვადა 2021 წლის 15 ნოემბრამდე განესაზღვრა.

თუმცა აღნიშნულ ვადებში კომპანია მაინც ვერ ჩაჯდა, რის შედეგადაც შპს ,,მშენ +“ 10 თვეა ჯარიმების ფონზე ასრულებდა სამუშაოებს. კომპანიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ დაკისრებული ჯარიმა უსამართლოა, რის გამოც სასამართლოს მიმართეს და მერიას თანხის დაბრუნება მოსთხოვეს.

საჩივირს განხილვის მომდევნო პროცესი დღეს, 9 ნომებერს 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა კომპანიის მიერ საჩივლის გათხოვა მოხდა, რის შედეგადაც როგორც მათ განგვიმარტეს დროებით შეწყდა საქმის განხილვა.