აუდიტი: ახალციხის მერია სამუშაოების დასრულების ვადებს კომპანიებს არაობიექტურად უხანგრძლივებდა

647

ახალციხის მერია კონტრაქტორ კომპანიებს სამუშაოების დროულად არ შესრულების გამო, დაჯარიმების ნაცვლად ხელშეკრულების ვადებს დაუსაბუთებლად უხანგრძლივებდა, ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, გარკვეულ შემთხვევებში ახალციხის მერია მოქმედებდა კერძო კომპანიების ინტერესის სასარგებლოდ და იმ შემთხვევებში, როცა მიმწოდებელი არაკეთისინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მერია სათანადოდ არ რეაგირებდა.

2019 წელს მუნიციპალიტეტმა შპს ABEKA-სთან გააფორმა 5 ხელშეკრულება, ჯამური ღირებულებით 1,699.8 ათასი ლარი. შესწავლით ირკვევა, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მუნიციპალიტეტი მიმწოდებელს არაობიექტურად უხანგრძლივებდა სამუშაოების შესრულების ვადებს და არ იყენებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციას.

“მაგალითად: 2019 წლის 18 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების შესასყიდი ღირებულება იყო 397.0 ათასი ლარი, ხოლო მიწოდების ვადა 2019 წლის 9 ივლისი. ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რის მიხედვით სამუშაოების დასრულების ვადა გაიზარდა 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით. ვადის გადაწევის მიზეზად დასახელდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ შესასრულებელი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები – მრიცხველების მონტაჟი. აღნიშნული სამუშაოების არსებობის შესახებ მუნიციპალიტეტი ინფორმაციას ფლობდა ხელშეკრულების დადებამდე, შესაბამისად, შეეძლო გაეთვალისწინებინა და დროულად განეხორციელებინა სათანადო ღონისძიებები. შესწავლით ირკვევა, რომ პროექტის დასასრულებლად დარჩენილი იყო ისეთი სამუშაოები, რომელთა შესრულებაც შესაძლებელი იყო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განსახორციელებელი სამუშაოს გარეშეც.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელს 9 ივლისისათვის შესრულებული ჰქონდა ხელშეკრულების ღირებულების 65%. აქედან გამომდინარე, მიწოდების ვადის გადაწევის რეალური მიზეზი იყო სამუშაოების არასათანადო შესრულება. ამდენად, მუნიციპალიტეტს არ უნდა გადაეწია მიწოდების ვადა და გამოეყენებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია, რაც არ განუხორციელებია. საბოლოოდ, სამუშაოები მიმწოდებელმა დაასრულა 2019 წლის 13 სექტემბერს. დასარიცხი პირგასამტეხლო შეადგენს 26.2 ათასს ლარს.

ანალოგიური მიზეზით სამუშაოების დასრულების ვადა მუნიციპალიტეტმა შპს ABEKA-ს გადაუწია კიდევ ოთხ შემთხვევაში. დასარიცხი პირგასამტეხლო ოთხივე ხელშეკრულების ფარგლებში ჯამურად შეადგენს 57.2 ათას ლარს,”- წერია დოკუმენტში.

აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ მსგავსი შემთხვევების შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ საჯარიმო სანქციების არ გამოყენების გამო მუნიციპალიტეტმა 2018 – 2019 წლების განმავლობაში 83 000 ლარზე მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.

“მუნიციპალიტეტმა შესყიდვის პროცესი წარმართა იმგავრად, რომ მოქმედებდა კერძო კომპანიის
ინტერესების სასარგებლოდ. შედეგად, სამუშაოები დასრულდა რამდენიმე
თვის დაგვიანებით, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ არის მიმართული
83.0 ათას ლარზე მეტი,”- წერს აუდიტი.