ახალციხეში ტენდერებს იგებდა კომპანია, რომლის მფლობელი იყო მუნიციპალიტეტის მერი, – ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, შპს „კეთილმოწყობის“ მიერ ტრანსპორტირების მომსახურების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებს შპს „მელიზა“ იგებდა, სწორედ ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი 2018-2019 წლებში იყო ახალციხის მერი. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2020 წლის 19 თებერვალს მერმა შპს „მელიზას“ 100%-იანი წილი სამართავად გადასცა სხვა პირს.
ამასთან შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ახალციხის მერი, ამავე დროს იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც, რითიც დასტურდება მათი ურთიერთდამოკიდებულება.
“სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ვალდებული იყო წერილობით დაედასტურებინა, რომ მისი მონაწილეობა შესყიდვების პროცესში გამოიწვევდა ინტერესთა კონფლიქტს, რაც არ განუხორციელებია. ურთიერთდამოკიდებული პირების არსებობა წარმოქმნის სატენდერო პროცესზე პირდაპირი ან არაპირდაპირ ზეგავლენის მაღალ რისკებს, მათთვის ფინანსურად ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
გარდა ამისა, როგორც დოკუმენტში წერია, 2018-2019 წლებში მერიამ გამოაცხადა 4 ტენდერი ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქ ვალესა და სოფლებში შემავალი საავტომობილო გზების შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების შესყიდვისთვის, რომელთა ფარგლებში სულ ანაზღაურებულია 717.9 ათასი ლარი. აუდიტის მიხედვით, აღნიშნული ტენდერები წარიმართა უკონკურენტოდ, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული – შპს „კეთილმოწყობის“ მონაწილეობით.
„გზების მოვლა-შენახვის ტენდერებში მუნიციპალიტეტმა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრა ისეთი მოთხოვნები, რომლებიც განაპირობებდა მის მიერ დაფუძნებული შპს-ს უპირობო გამარჯვებას. აღნიშნული დადასტურდა ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ:
ხარჯთაღრიცხვებში მითითებული იყო რამდენიმე სამუშაოს შესრულება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული და სარგებლობის უფლებით გადაცემული მანქანა-მექანიზმებით. ეს ტექნიკა, ტენდერის მიმდინარეობის პერიოდში, მუნიციპალიტეტს თხოვების ფორმით, რამდენიმე თვის ვადით გადაცემული ჰქონდა შპს „კეთილმოწყობისთვის“. ამდენად, ზემოთ აღნიშნული გარემოებები მიანიშნებს იმაზე, რომ ტენდერები პრაქტიკულად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და უზრუნველყოფდა შპს „კეთილმოწყობის“ უპირობო გამარჯვებას“, – წერია დოკუმენტში.
აუდიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მერია ბევრად უფრო მეტ თანხას უხდიდა მუნიციპალიტეტის მერის კომპანიებს, ვიდრე საბაზრო ღირებულება იყო და აღნიშნული დასტურდება ფაქტებთ:
- 2018 წელს შპს-ს მიერ გამოცხადებული ტენდერების ხარჯთაღრიცხვების ერთეულის (ინერტული მასალების) ფასები შედარდა მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში წარმოდგენილ ანალოგიური სამუშაოების ერთეულის ფასებს, რომლებთან შედარებით მერიამ გადაიხადა 9.0 ათასი ლარით მეტი;
- 2018 წელს მერიამ შპს „კეთილმოწყობისგან“ 5865 კუბ. მ ინერტული მასალის ტრანსპორტირება და გაშლა შეისყიდა 120.4 ათას ლარად. აღნიშნული მომსახურებისათვის შპს „კეთილმოწყობას“ არ გააჩნდა საჭირო ტექნიკა, რისთვისაც იგი აცხადებდა ტენდერებს. მუნიციპალური შპს აღნიშნული მასალის ტრანსპორტირებას ყიდულობდა შპს „მელიზასგან“, რომელსაც 2018 წელს გადაუხადა 45.2 ათასი ლარი. დანარჩენ სამუშაოს (ხრეშის გაშლა) ახორციელებდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გრეიდერით , რისი ზუსტი ღირებულების დადგენა ვერ მოხერხდა.
“მსგავსი სახის სამუშაოს ღირებულების დასადგენად, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული საგზაო სამუშაოების სხვა ტენდერები , რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ინერტული მასალის ტრანსპორტირება-გაშლაში მერიამ გადაიხადა 66.2 ლარით მეტი.
2018 წელს მუნიციპალიტეტმა გზების მოხრეშვის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება განსაზღვრა 263.5 ათასი ლარით, ხოლო შესწავლით გამოვლინდა, რომ მისი საბაზრო ღირებულება იყო, სავარაუდოდ, 28.5 %-ით ნაკლები. 2019 წელსაც ანალოგიურად მიმდინარეობდა გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვის პროცესი, რაშიც მერიამ გადაიხადა 202.9 ათასი ლარი, თუმცა ხარჯთაღრიცხვებში არ არის გამიჯნული მასალის ხელფასებისა და ტრანსპორტირების ხარჯები, შესაბამისად, ვერ დგინდება სავარაუდო ღირებულება რამდენით არის გაზრდილი,”- წერს აუდიტი.