რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღასთან ადგილობრივ მწყემსებს „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ აკავებენ

842

რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღასთან ადგილობრივ მწყემსებს „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ აკავებენ.

„ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ აიბღაში, რუსმა მესაზღვრეებმა ჩვენს ტერიტოირაზე საზღვრის უკეთ კონტროლისთვის გადმოინაცვლეს. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დღეს ისინი აფხაზ მწყემსებს აპატიმრებენ“, – ამის შესახებ განცხადება დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გააკეთა, – წერს ვებ პორტალი „ეხო კავკაზა“.

კვარჩიას განმარტებით, რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭის ოლიმპიადის დროს გადმოინაცვლეს, თუმცა მას შემდეგ ოკუპირებული რეგიონის სოფელი აიბღა აღარ დაუტოვებიათ. დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერმა საუბარში ისიც აღნიშნა, რომ რუსეთთან „საზღვრის“ ე.წ. დემარკაციის საკითხი ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ „ორმხრივი კომისიებია“ შექმნილი.

ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება. შეხვედრა დე ფაქტო პარლამენტის წარმომადგენლებთან მათ გუშინ გამართეს. სხვა საკითხთა შორის, ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელმა მუხარბეკ დიდიგოვმა, ოკუპირებულ რეგიონში უცხოელებზე უძრავი ქონების გასხვისების თემაზეც ისაუბრა.

„ბევრ ადამიანს, ცენტრალური რუსეთიდან და ჩრდილო კავკასიიდან, სურს აქ უძრავი ქონება შეიძინოს და საინვესტიციო პროექტები ჩამოიტანოს და დაფუძნდეს. აქ კი გარკვეული გარანტიები და მზაობა უნდა იყოს ასეთი საკითხების გადაწყვეტისთვის“, – განაცხადა დიდიგოვმა.

ფედერაციის საბჭოს წევრებმა დე ფაქტო პარლამენტს ე.წ. კანონმდებელთა შემადგენლობაში ე.წ. რუს დეპუტატთა მცირე რაიოდენობაზეც გააკეთეს აქცენტი.

„დელეგაციის“ წევრები ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებულ რეგიონში რუსული მე-7 სამხედრო ბაზის მონახულებასაც გეგმავენ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი