ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ბოლო შეხვედრები აცანის, მამათისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სპორტული მოედნები რეაბილიტირდება, გარეგანათებები მოეწყობა და შიდა გზები შეკეთდება.
მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავასრულეთ. სულ 54 შეხვედრა ჩატარდა.
უახლოეს პერიოდში საპროექტო სამუშაოები დაიწყება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებს განვახორციელებთ, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 748 000 ლარი გამოეყო.
ამავე დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, გელა ზენაიშვილმა მოსახლეობას რამდენიმე პროექტი გააცნო. ასევე თხილის, ციტრუსისა და ბოსტნეული კულტურების მოყვანით დაინტერესებულებს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა.