ავტორი: ეკატერინე ბასილაია
გიორგი ელოშვილი “ქართული ოცნებიდან” მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის 2014-2017 წლებში მერის მოადგილე იყო, 2018 წლიდან – საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე, ამდენად ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლიდან ყოველ წელს, ჯამში 8-ჯერ, აქვს შევსებული. ჯერჯერობით, ბოლო კი – 2021 წლის, 2021 წლის ოქტომბერში, როცა ჯერ ისევ საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე იყო.
გიორგი ელოშვილი 37 წლისაა, დაბადებულია მცხეთაში და ოჯახის წევრად მითითებული ჰყავს მხოლოდ არასრულწლოვანი შვილი.
საკრებულოს თავმჯდომარეს საკუთარ სახელზე გაფორმებული უძრავი ქონება არ გააჩნია. ჰყავს 2003 წელს გამოშვებული ავტომანქანა Chevrolet tracker, რომელიც 2009 წელს 6 000 აშშ დოლარად უყიდია.
დეკლარაციის შევსების დღეს გიორგი ელოშვილს “საქართველოს ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე 200 ლარი ედო, ხოლო ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 200 ლარი.
გიორგი ელოშვილის “საქართველოს ბანკში” 2017 წელს აღებული აქვს 45 700 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი, რომელიც 2028 წელს უნდა დაფაროს და ამ სესხში 2020 წელს 6 540 აშშ დოლარი გადაუხდია.
დეკლარაციას თუ დავუჯერებთ, გიორგი ელოშვილს 2020 წელს არც ხელფასი და არც სხვა შემოსავალი მიუღია, რადგან შემოსავლების შესახებ არსებული გრაფა ცარიელია. ამდენად გაურკვეველია, 2020 წელს როგორ არსებობდა ელოშვილის ოჯახი, ან როგორ გადაიხადა დოლარში აღებული სესხის დასაფარავად 6 540 აშშ დოლარი.
დეკლარაციის სხვა გვერდებიც ცარიელია და დოკუმენტის თანახმად, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის, არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, არ მიუღია იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.
გიორგი ელოშვილს პირველი დეკლარაცია 2014 წელს შეუვსია, მცხეთის მერის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ. 2014 წელს ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს: მამა, დედა, და და დისშვილი. 2014 წელს მამის სახელზე გაფორმებული იყო 4 უძრავი ქონება, ხოლო დედის სახელზე – ერთი.
ამ დეკლარაციით, მამა, რევაზ ელოშვილი, ფლობდა 130 კვ.მ საცხოვრებელ სახლს მცხეთაში, აღმაშენებლის N128-ში; ასევე, 108 კვ.მ ბინას მცხეთაში; 60 კვ.მ საცხოვრებელ სახლსა და 7000 კვ.მ მიწის ნაკვეთს – მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში; რაც შეეხება დედას, აღნიშნული დეკლარაციის თანახმად, ნუნუ გიუტაშვილი ფლობდა 744 კვ.მ მიწის ნაკვეთს სოფელ ნაოზაში, ამ ნაკვეთის ფართობი 2015 წლის დეკლარაციაში უკვე 1500 კვ.მ-ია.
2016 წლიდან ოჯახის წევრებად დედა, მამა, და და დისშვილი მითითებული აღარ არიან. მითითებულია მხოლოდ მეუღლე. ამდენად, უძრავი ქონება დეკლარაციებში ქრება. 2017 წლის დეკლარაციაში ჩნდება შვილიც. ამ წელს გიორგი ელოშვილს უჩნდება უძრავი ქონება. მას 2017 წელს 84 759 ლარად დაბა ბაკურიანში უყიდია 44,5 კვ.მ ბინა. 2019 წლის დეკლარაციიდან კი ოჯახის წევრად მხოლოდ შვილი ჰყავს მითითებული და უძრავი ქონების ნაწილში 2017 წელს ბაკურიანში ნაყიდი ბინაც ქრება.
გიორგი ელოშვილი მცხეთის მერის მოადგილედ დანიშვნამდე სილქნეტის საკაბელო სერვისის უბნის უფროსი იყო მცხეთაში და 2013 წელს ამ პოზიციიდან 11 268 ლარის ხელფასი აქვს მიღებული.
მცხეთის მერის მოადგილის თანამდებობაზე ის 2014-2017 წლებში იყო და 4 წლის განმავლობაში ჯამში 83 785 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული: 2014 წელს – 13 000 ლარი; 2015 წელს – 22 890 ლარი; 2016 წელს – 26 575 ლარი; 2017 წელს – 21 320 ლარი;
2018 წლის 1 იანვრიდან გიორგი ელოშვილი მცხეთის საკრებულოს სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იყო და 2018 წლის განმავლობაში მას ამ თანამდებობიდან 21 220 ლარის შემოსავალი მიუღია. 2019 წელს უწერია, რომ 21 220 ლარი მიიღო, ხოლო 2020 წელს ამ თანამდებობიდან რა შემოსავალი მიიღო, ამის ჩაწერა, რატომღაც, საჭიროდ არ მიუჩნევია და ეს გრაფა ბოლო დეკლარაციაში ცარიელია.