მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანია “ტიმეოს“ ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საწარმოს მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მათივე ცნობით, კომპანია „ტიმეო“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით სარგებლობს და პროგრამის ფარგლებში 1.5 მილიონი ლარის ოდენობის სესხი მიიღო.
გარდა ამისა, კომპანიამ ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად, დაახლოებით, 7 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. უმაღლესი სტანდარტების ქარხანას, მინიჭებული აქვს უნიკალური საწარმოს კოდი და CE სერთიფიკატი.
„წილკანში მდებარე ლოკოკინების ახალი საწარმო, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს, ყოველწლიურად 1000 ტონა ლოკოკინას გადაამუშავებს და მიღებულ პროდუქტს მთლიანად ექსპორტზე საფრანგეთში გაიტანს. კომპანია „ტიმეომ“ ყველაზე დიდ ფრანგულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, რომლის საფუძველზეც კომპანია „ესკალი“ ქართული საწარმოს მიერ გადამუშავებულ ლოკოკინას მთლიანად შეისყიდის. კომპანია „ესკალი“ ფრანგულ ბაზარზე მოლუსკების და თევზეულობის მხრივ უპირობო ლიდერია”, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, საწარმოში ამ ეტაპზე 100 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, ადგილობრივები.
„ამ ახალგაზრდებმა აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება ძალიან მოკლე დროში წარმატებული პროექტის კარგად ორგანიზება და პირველი მნიშვნელოვანი შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგეს. მოხარული ვარ, რომ მათ წარმატებაში სახელმწიფოსაც თავისი წვლილი აქვს და კომპანიამ პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით განავითარა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტი, რომელიც განსაკუთრებით ხელს უწყობს რეგიონში დასაქმებას“, – აღნიშნა საწარმოს გახსნისას საქართველოს ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
შეგეახსენებთ, რომ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით სულ 65 პროექტია დაფინანსებული, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობაც 200 მილიონ ლარამდეა, დასაქმებულთა რაოდენობა კი 1 230-ია.