აჭარის განათლების და კულტურის სამინისტროსთან “ბათომისა” და “დაიცავი ძველი ბულვარის” წევრებმა აქცია გამართეს

380

საზოგადოება „ბათომისა“ და „დაიცავი ბათუმის ბულვარის” აქტივისტებმა აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები მინისტრისგან მოითხოვენ, შეაჩეროს ბულვარში კომპანია „ამბასადორი ბათუმის“ 16-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის მშენებლობის ნებართვაც სამინისტროზე დაქვემდებარებულმა უწყებამ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. აქციის მონაწილეები მინისტრისგან სწორედ ამ თანხმობის დოკუმენტის ბათილად ცნობას ითხოვენ.

„მინისტრისგან ვითხოვთ, შეაჩეროს მშენებლობა და ბათილად ცნოს სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადავინაცვლებთ სასამართლოში. არ მივცემთ საშუალებას, დამახინჯდეს ბულვარი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“, – აცხადებს „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი ნათია აფხაზავა.

მშენებლობაზე გაცემული ნებართვა ორგანიზაცია „ბათომმა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ცენტრთან“ ერთად აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაასაჩივრა, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი აპირებს სასამართლოს მიმართოს.