აუდიტი: დმანისის მუნიციპალიტეტმა ხარვეზებით შესრულებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე 890 ათასი ლარი დახარჯა

340

დმანისის მუნიციპალიტეტში 2018-2019 წლებში მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან 3 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 890.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღენიშნება სხვადასხვა ხარვეზი. ამის შესახებ საუბარია დმანისის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

მაგალითად, მუნიციპალიტეტმა ტენდერის გზით შეისყიდა სოფელ მთისძირის მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები − ღირებულებით 316.9 ათასი ლარი. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტი ჩაიბარა ექსპერტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. ობიექტი კი რეაბილიტაციიდან დაახლოებით ერთ წელიწადში დაზიანდა.

2018 წლის ოქტომბერში მერიამ მიმწოდებელს მიმართა დაზიანების გამოსწორების მოთხოვნით. ტექნიკურმა ზედამხედველმა შეისწავლა გზის დაზიანების მიზეზები. მისი დასკვნით, გზის საფარის დაზიანების მიზეზი არის საგზაო სამოსის კონსტრუქციის არასაკმარისი სიმტკიცე.

„მერიამ საპროექტო დოკუმენტაცია შეისყიდა და ჩაიბარა ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, პროექტის შესყიდვისას სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო მსგავსი კონსტრუქციის გზის პროექტის მომზადება. შესაბამისად, არასტანდარტული გზის მოწყობა შემსყიდველის გადაწყვეტილებით მოხდა. პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული პირების მიერ თავიანთი უფლება-მოვალეობების არასათანადო განხორციელებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტმა დახარჯა 316.9 ათასი ლარი, თუმცა გზა მოწყობილია ხარვეზებით და აღენიშნება დაზიანებები. აღნიშნული ობიექტის გარდა, დათვალიერებით გამოვლინდა სულ 573.4 ათასი ლარის ღირებულების ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები. კერძოდ, დაზიანებულია საგზაო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები,“- წერს აუდიტი.

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების მიღების თავიდან აცილება. მუნიციპალიტეტს არ განუხორციელებია სათანადო რეაგირება ხარვეზების აღმოსაფხვრელად იმის მიუხედავად, რომ ობიექტებს გააჩნდათ მოქმედი საგარანტიო ვადა. ამასთანავე, საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზებისა და უხარისხო სამუშაოების გამოვლენა საექსპერტო დაწესებულების ვალდებულებაა. მუნიციპალიტეტს არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია აღნიშნული ორგანიზაციის მიმართ.