აუდიტი: ბორჯომის ცენტრალურ პარკში 1,6 მილიონიანი აუზი მოუვლელია და არ ფუნქციონირებს

491

ა(ა)იპ – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ადმინისტრაციამ სათანადო დასაბუთების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა პარკის ტერიტორიაზე არსებული აუზის ფუნქციონირება. შედეგად, ორგანიზაციამ 1,597.2 ათასი ლარის ღირებულების ქონება, რომლის შეკეთება, ექსპერტის დასკვნის მიხედვით, 27.3 ათას ლარს საჭიროებდა, 2017 წლიდან პრაქტიკულად მიატოვა, არ ხორციელდება მისი სათანადოდ მოვლაპატრონობა, რის გამოც ობიექტი ზიანდება. ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

აუდიტის ნაგარიშში წერია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას ა(ა)იპ – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკისთვის გადაცემული აქვს პარკის ტერიტორიაზე არსებული საცურაო აუზი, რომლის ღირებულება 1,597.2 ათასი ლარია. აღნიშნული აუზის შენობას წლების განმავლობაში აუქციონის ფორმით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ა(ა)იპ გასცემდა იჯარით და მუნიციპალიტეტი შემოსავლის სახით განსაზღვრულ თანხას იღებდა. მაგალითად, 2015 წელს აუზის იჯარით გაცემით ორგანიზაციამ შემოსავლის სახით 26.3 ათასი ლარი მიიღო, ხოლო 2016 წელს 28.4 ათასი.

2017 წელს ა(ა)იპ – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შენობის იჯარით გაცემის ნაცვლად თვითონ უზრუნველეყო აუზის ექსპლოატაცია და, შესაბამისად, მიეღო შემოსავალი.

2017 წლის ზაფხულის სეზონზე აუზმა მხოლოდ ერთი თვე იფუნქციონირა, 11.3 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო და ივნისის ბოლოს დაზიანდა. დაზიანებების გამოსწორების მიზნით, ა(ა)იპ-მა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული შესყიდვის გზით გააფორმა ორი ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით − 5.4 ათასი ლარი ფილტრების, ტუმბოების და წყლის გამწმენდი საშუალებების შესაძენად. საბოლოოდ, აუზის შეკეთება ვერ მოხერხდა და ა(ა)იპ – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 22 აგვისტოდან აუზმა ოფიციალურად შეწყვიტა ფუნქციონირება.

2018 წლის 2 თებერვალს ორგანიზაციამ შეისყიდა საცურაო აუზის წყლის სისტემის შემოწმების/დათვალიერების მომსახურება, რაშიც 400 ლარი გადაიხადა. დასკვნის თანახმად, არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად 27.3 ათასი ლარის მოწყობილობების შესყიდვა იყო საჭირო. ამავე წლის 27 აპრილს, ისე რომ ორგანიზაციას აუზი არ შეუკეთებია, ა(ა)იპ-მა შეისყიდა საცურაო აუზის შენობის ადმინისტრაციული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რაშიც 4.5 ათასი ლარი გადაიხადა.

აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა ა(ა)იპ – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ადმინისტრაციამ აუზის იჯარით გაცემის ნაცვლად თვითონ განეხორციელებინა ობიექტის ექსპლოატაცია, მაშინ როცა მას ობიექტის მართვის გამოცდილება და რესურსი არ გააჩნდა.

(ა)იპ-მა აუდიტის ჯგუფს ვერ დაუსაბუთა, რით არის განპირობებული აუზის შეჩერება, რადგან შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, მისი ფუნქციონირების აღდგენა არ იყო არსებითად დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. ორგანიზაციას გააჩნდა საკმარისი ფინანსური რესურსი ობიექტის აღსადგენად, თუმცა, ადმინისტრაციამ მაინც შეაჩერა მისი საქმიანობა.

აუდიტის ჯგუფმა აუდიტის მიმდინარეობის პროცესში დაათვალიერა საცურაო აუზის შენობა. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ შენობა მიტოვებულია და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 14 ივნისის N1141 მთავრობის განკარგულებით, შპს „სამკურნალო-სპორტული გამაჯანსაღებელ კომპლექს ოლიმპს“ გადაეცა 2301 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1801 კვ.მ შენობა-ნაგებობა, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რაშიც კომპანიამ 50 ათასი ლარი გადაიხადა.

შეთანხმების მიხედვით, „ოლიმპს“ უნდა უზრუნველეყო ბორჯომის ტერიტორიაზე საცურაო აუზის ფუნქციონირება. ორგანიზაციამ 2018 წელს დაასრულა ძველი საცურაო აუზის რეაბილიტაცია და დაიწყო მისი კომერციული მიზნებისთვის გამოყენება. შპს „ოლიმპსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, კვირაში არანაკლებ 3 დღე, შპს-ს უნდა უზრუნველეყო ცურვის შესწავლის მსურველი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის აუზის დათმობა, არანაკლებ შესყიდვიდან 10 წლის განმავლობაში.

დოკუმენტების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ორგანიზაცია არსებულ პირობას არ ასრულებდა აუზის გახსნის დღიდან. 2019 წელს, მუნიციპალიტეტმა „ოლიმპს“ მოსთხოვა შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გამოეყო 3 დღე ცურვის წრისთვის, სადაც უფასოდ ივლიდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვები.

მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებელმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მერიამ მთავრობას არ შეატყობინა მიმწოდებლის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოდან პერიოდულად ეგზავნება წერილები, ბორჯომის ტერიტორიაზე სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში კონტრაქტორების მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით. რაც შეეხება „ოლიმპისთვის“ გადაცემულ საცურაო აუზს, მსგავსი მოთხოვნა მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ერთხელ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო წერილი არ გაგზავნილა, საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს განმეორებით აღარ მიუმართავს მერიისთვის.

აუდიტის რეკომენდაციაა, რომ ა(ა)იპ − ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ადმინისტრაციამ სათანადოდ შეისწავლოს მის საკუთრებაში არსებული საცურაო აუზის უფუნქციოდ დარჩენის მიზეზები და გაატაროს აღდგენისთვის საჭირო სათანადო ღონისძიებები. ასევე ა(ა)იპ ვალდებულია, უზრუნველყოს ქონების სათანადო დაცვა და არ დაუშვას დაკეტილი აუზის შენობის დაზიანება. აღნიშნული ორგანიზაციას საშუალებას მისცემს, შეფერხებების გარეშე და ხანგრძლივი ვადით გამოიყენოს არსებული ინფრასტრუქტურა და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს მისგან.