ამბულატორია, რომელსაც სამედიცინო პერსონალი არ ყავს გურჯაანის მერიამ 27 ათას ლარად გააარემონტა და ერთი წელია არ ფუნქციონირებს, – ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“2019 წლის სექტემბერში მუნიციპალიტეტმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეისყიდა ერთ-ერთი სოფლის ამბულატორიის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით − 27.0 ათასი ლარი. პროექტის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ობიექტი არ ფუნქციონირებს. კერძოდ, ამბულატორია დაკეტილია სამედიცინო პერსონალის არ არსებობის გამო”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების დასრულებიდან გასულია ერთ წელზე მეტი, გურჯაანის მერიამ აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რა ქმედითი ღონისძიებები განახორციელა ობიექტის ფუნქციონირებისათვის.
აუდიტის ცნობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიმართულია სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა გადაწყვეტისაკენ. შესაბამისად, მერიამ პროცესის ორგანიზება უნდა უზრუნველყოს იმგავრად, რომ მიღწეულ იქნეს აღნიშნული მიზანი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, გურჯაანის მერიამ შეისყიდა ამბულატორიის რეაბილიტაციის სამუშაოები, რაშიც დაიხარჯა 27.0 ათასი ლარი. ობიექტის შესყიდვიდან გასულია ერთ წელზე მეტი, თუმცა საბოლოო შედეგი მიღწეული არ არის და ამბულატორია არ ფუნქციონირებს.