ბორჯომის მერიამ წყალმომარაგების სისტემაზე 2018-2019 წლებში 935.8 ათასი ლარი დახარჯა, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიეწოდება ისეთი წყალი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს, – ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.
აუდიტის ჯგუფმა დაადგინა, რომ წყლის სისტემა 38 დასახლებული პუნქტიდან მოწყობილია 32 დასახლებაში, საიდანაც 30 სოფელს ა(ა)იპ – სოფლის წყალი ემსახურება, ხოლო ქალაქ ბორჯომისა და დაბა ბაკურიანის სისტემის მომსახურებას შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უზრუნველყოფს. დანარჩენი 6 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს ჭებით და წყაროებით. მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სასმელი წყლის სისტემა, დაახლოებით, 4500 ოჯახს ემსახურება. აქედან, 8 სოფელში 49 714 ოჯახს წყალი მიეწოდება პერიოდული გრაფიკით, 6 დასახლებულ პუნქტში, სადაც 1076 ოჯახი ცხოვრობს, წყლის სისტემაზე დებეტის/მოცულობის მოსამატებლად ხორციელდება წყლის ალტერნატიული რესურსის მოძიება, რაც წყალს აბინძურებს და სასმელად უვარგისს ხდის, ხოლო დანარჩენ 16 სოფელში, სადაც 2710 ოჯახია დასახლებული, მოსახლეობას წყალი რეგულარულად მიეწოდება.
ქალაქ ბორჯომის გარდა, წყლის გამწმენდი ნაგებობები მოწყობილია მხოლოდ 6 დასახლებაში, რომელთა სისტემა, დაახლოებით, 1900 ოჯახს აწვდის წყალს. დანარჩენ შემთხვევაში წყალი არ იწმინდება და მოსახლეობა მარაგდება სოფლის წყაროებიდან. ამასთანავე, აბონენტების გამრიცხველიანება მხოლოდ ქალაქ ბორჯომსა და ბაკურიანშია განხორციელებული, დანარჩენ დასახლებულ პუნქტებში წყლის მრიცხველები დამონტაჟებული არ არის და მოსახლეობას წყალი უფასოდ მიეწოდება.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 30 დასახლებული პუნქტის წყლის სისტემის მომსახურებას ახორციელებს მუნიციპალური ა(ა)იპ – ბორჯომის სოფლის წყალი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი ლიცენზია. ა(ა)იპ წყლის ლაბორატორიულ შემოწმებას ყიდულობს შესაბამისი ლიცენზიის არმქონე კომპანიისგან. ა(ა)იპ – ბორჯომის სოფლის წყალმა წყლის ნიმუშების ყოველთვიური ლაბორატორიული კვლევისთვის 2018 წელს – 8.8 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს 9.6 ათასი ლარი გადაუხადა.
ა(ა)იპ-ის დაკვეთით ჩატარებული შემოწმების დასკვნების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგები ეწინააღმდეგება იმავე პერიოდში სხვა ლიცენზირებული ლაბორატორიის კვლევის შედეგებს. კერძოდ, სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ახალციხის „ზონალურმა დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ“ რამდენიმე სოფელში ჩაატარა წყლის ხარისხის შემოწმება. აღმოჩნდა, რომ ერთსა და იმავე პერიოდში ჩატარებული შემოწმების შედეგების მიხედვით, ა(ა)იპ − სოფლის წყლის მიერ გაცემულია დადებითი დასკვნა, მაშინ როდესაც ლიცენზირებული ლაბორატორიის შედეგების თანახმად, სოფლებში წყლის ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სახელმწიფო სტანდარტს.
გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშში წერის, რომ 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა საბიუჯეტო რესურსის ხარჯვის მიუხედავად, ზოგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო სამუშაოების ისე დაგეგმვა და განხორციელება, რომ მოსახლეობას საკმარისი რაოდენობის სასმელად ვარგისი წყალი მიეღო.
მაგალითად: ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, მერიამ 2018 წელს შეისყიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, საერთო ღირებულებით − 109.4 ათასი ლარი. ყვიბისში მცხოვრები 421 ოჯახისთვის, სასმელად ვარგისი წყლის მიწოდების მიზნით, 2016 წლის 4 მარტს მერიამ ექსპლოატაციაში მიიღო ყვიბისის წყლის სისტემის გამწმენდი ნაგებობა, რომლის მშენებლობაშიც გადახდილია 484.1 ათასი ლარი. შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერების, ასევე მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ყვიბისის მოსახლეობას, მიუხედავად ჩატარებული სამუშაოებისა, მიეწოდება გაუფილტრავი და მოქმედი სტანდარტების შეუსაბამო წყალი, რადგან არასაკმარისი წყლის რესურსის გამო სათავე ნაგებობაზე ხორციელდება სხვადასხვა ჩამდინარე წყლების დაერთება.
ასევე, სსიპ – მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დაბა ახალდაბაში მოსახლეობისთვის სასმელად ვარგისი წყლის მიწოდების მიზნით, 743.2 ათას ლარად შეისყიდა წყლის სათავე ნაგებობებისა და საქლორატოროს მოწყობის სამუშაოები, რომლებიც მუნიციპალიტეტს სამართავად გადაეცა. საქლორატოროსა და წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაციის მიუხედავად, ახალდაბის მოსახლეობას სასმელად ვარგისი წყალი არ მიეწოდება.
პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მოსახლეობას სტანდარტების შეუსაბამო წყალი მიეწოდა იმის გამო, რომ აღნიშნულ პერიოდში გამწმენდი ნაგებობა არ ფუნქციონირებდა, რადგან წყლის სათავე ნაგებობებისა და საქლორატოროს დამაკავშირებელი 2 კმ-იანი მილი სრულად ამორტიზებული იყო და საჭიროებდა რეაბილიტაციას.
საკითხის გადაჭრის მიზნით, მუნიციპალიტეტმა 2019 წელს გამოაცხადა ტენდერი და შეისყიდა დაზიანებული მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საერთო ღირებულებით − 277.2 ათასი ლარი. მიუხედვად იმისა, რომ ახალდაბის წყლის სათავე და გამწმენდი ნაგებობების, ასევე შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ჯამში 1,020.4 ათასი ლარია დახარჯული, მოსახლეობას აუდიტის პერიოდში მიეწოდება წყალი რომელიც არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა სისტემური ხასიათისაა, მის გამოსასწორებლად საკმარისი ღონისძიებები არ გატარებულა. არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტს შეეძლო თავისუფალი ნაშთის სახით არსებული ფინანსური რესურსის ეფექტიანი გამოყენებით, რაც არ განუხორციელებია,“ – წერია აუდიტის ანგარიშში.