აუდიტი: ბორჯომის მერიამ 5 ავტობუსის შესყიდვისას პარამეტრები ერთ კომპანიას მოარგო და მას 411 ათასი ლარით მეტი გადაუხადა

418

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 5 ავტობუსის შესყიდვისას საქონლის ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრა ისე, რომ ერთი მიმწოდებელი აღმოჩენილიყო უპირატეს მდგომარეობაში. შედეგად, მერიამ ავტობუსები 410.8 ათასი ლარით (31%) მეტი გადაიხადა. ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

აუდიტის ანგარიშში წერია, რომ 2018 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების მიზნით გადაწყვიტა, შეესყიდა 5 სამგზავრო ავტობუსი. სატრანსპორტო საშუალებების სავარაუდო ღირებულების დასადგენად, სამ პოტენციურ მიმწოდებელს გაუგზავნა მისთვის სასურველი ტექნიკის სპეციფიკაციები.

ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო შპს „სტრადამ“, შპს Uრბან Mოტორს-მა და შპს „თეგეტა მოტორსმა“. აღსანიშნავია, რომ სამივე მიმწოდებელს მერიამ ტრანსპორტის სხვადასხვა სპეციფიკაცია გაუგზავნა. კერძოდ, განსხვავებული იყო ძრავის სიმძლავრე, ზომის პარამეტრები, კარის მდებარეობა, გადაცემათა კოლოფის ტიპი, ადგილების რაოდენობა. თითოეულმა მიმწოდებელმა მერიას საკუთარი შესაძლო ვარიანტები წარუდგინა იმ სპეციფიკაციების მიხედვით, რისი მოთხოვნაც მიიღო მუნიციპალიტეტისგან. 2018 წელს მერიამ გამოაცხადა ავტობუსების შესყიდვის 2 ტენდერი 5 ერთეული ავტობუსის შესყიდვის მიზნით. ორივე ტენდერის დოკუმენტაცია შედგენილი იყო ისე, რომ შესასყიდი სატრანსპორტო საშუალებების სპეციფიკაციები მხოლოდ შპს Uრბან Mოტორს-ის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს შეესაბამებოდა.

კერძოდ, 2018 წლის 5 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი ქალაქ ბორჯომში მგზავრთა გადასაყვანი 4 ერთეული ავტობუსის შეძენის მიზნით, სავარაუდო ღირებულებით – 952.0 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“, შპს „ჯი-თი გრუპმა“ და შპს Uრბან Mოტორს-მა.
პრეტენდენტებს შორის ყველაზე დაბალი ფასი − 715.3 ათასი ლარი დააფიქსირა „თეგეტა ტრაქ ენდ ბასმა“, შპს „ჯი-თი გრუპის“ ფასი 881.4 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო შპს Uრბან Mოტორს-ის ფასი, ყველაზე მაღალი − 952.0 ათასი ლარი იყო. შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“, რომლის დაფიქსირებული ფასი 236.7 ათასი ლარით ნაკლები იყო გამარჯვებული კომპანიის, შპს Uრბან Mოტორს-ის ფასთან შედარებით, ტენდერიდან მოიხსნა დაზუსტების უფლების გარეშე, რადგან ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, ავტობუსების გადაცემათა კოლოფიავტომატური უნდა ყოფილიყო, ხოლო შეთავაზებული ავტობუსების გადაცემათა კოლოფი მექანიკური იყო.

ბაზრის კვლევის ეტაპზე, შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასისთვის“ მიწოდებული სპეციფიკაციების თანახმად, კომპანიას მოეთხოვა მუნიციპალიტეტისთვის წარედგინა მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტობუსების განფასება. შესაბამისად, ტენდერში წარადგინა მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტობუსები, მაშინ როდესაც სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო ავტომატური გადაცემათა კოლოფი. მომდევნო პრეტენდენტი, შპს „ჯი-თი გრუპი“, რომლის შემოთავაზებული ფასი 70.6 ათასი ლარით ნაკლები იყო გამარჯვებულ პრეტენდენტზე ტენდერიდან მოიხსნა იმის გამო, რომ ავტობუსის მეორე კარი იყო უკანა საბურავის მარცხნივ, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების თანახმად, კარი უნდა ყოფილიყო უკანა საბურავის მარჯვნივ. საბოლოოდ, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს Uრბან Mოტორს რომელსაც 2018 წლის 27 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით − 952.0 ათასი ლარი. შპს Uრბან Mოტორს-ის გამარჯვებითვე დასრულდა ბორჯომის სოფლებში გადასაადილებელი ავტობუსის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი და კომპანიას 2018 წლის 13 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით − 205.0 ათასი ლარი.

„აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა და ვერც აუდიტის ობიექტმა წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა აუცილებლობით იყო განპირობებული ავტობუსებისთვის ავტომატური გადაცემათა კოლოფის ან უკანა კარის მდებარეობის მოთხოვნის არსებობა. შედეგად, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი იყო ისე, რომ კონკურენტული უპირატესობა გამარჯვებულ კომპანიას მოეპოვებინა. ავტობუსების ტენდერების შპს Uრბან Mოტორს-ზე მორგების რისკს ასევე ამყარებს ის გარემოება, რომ ორივე ტენდერში არსებული მოთხოვნის მიხედვით, მიმწოდებელს 2015 წლის 1 იანვრიდან უნდა ჰქონოდა 2 მილიონი ლარის სატრანსპორტო საშუალებების მიწოდების გამოცდილება. შპს გამოცდილების ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა, ამიტომ შემსყიდველს მიმართა წინადადებით − დაეკორექტირებინა გამოცდილების მოთხოვნა, რაც მერიამ გაითვალისწინა და 2015 წლის 1 იანვრის ნაცვლად, გამოცდილება მოითხოვა 2014 წლის 1 იანვრიდან,“- წერია დასკვნაში.

აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ მერიამ სათანადოდ არ ჩაატარა ბაზრის კვლევა, შედეგად, შეუძლებელი იყო ბაზარზე ობიექტური ფასის დადგენა. ასევე შემსყიდველმა სატენდერო დოკუმენტაცია შეადგინა ისე, რომ შეზღუდა კონკურენცია და მაქსიმალურად მოარგო შპს Uრბან Mოტორს-ს, რომელმაც ისარგებლა უკონკურენტო გარემოთი და ერთსა და იმავე დღეს გამოცხადებულ 4 შესყიდვის ფარგლებში, მერიას სატრანსპორტო საშუალებები მიაწოდა 410.8 ათასლარიანი ფასნამატით.

აუდიტის რეკომენდაციაა, რომ საქონლის ეკონომიურად შესყიდვის მიზნით, მერიამ ბაზრის კვლევის ჩატარების დროს მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს შესასყიდი საქონლის ჩანაცვლებადობის პრინციპი და სატენდერო სპეციფიკაციები ისე განსაზღვროს, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კონკურენტული გარემოს შექმნას. აღნიშნული მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს შეისყიდოს ბაზარზე არსებული საუკეთესო საქონელი ეკონომიურ ფასად. ასევე მერიამ შეისწავლოს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც ევალებოდათ შესყიდვის პროცესის სათანადოდ წარმართვა და მათ მიმართ გაატაროს კანონით განსაზღვრული ღონისძიებები.