თბილისში, პარლამენტთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქციისთვის მზადება დილიდან დაიწყო. ამ დროისთვის, პარლამენტის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე დაიწყება, თუმცა მანამდე 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.
15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც. ამასთან, მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის დაფიქსირებასაც გეგმავენ.
აქციაზე მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან, თუმცა როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით დაწესებული რეგულაციების, მათ შორის ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, რეგიონებიდან მხარდამჭერთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი ჩამოვა და არ მოხდება მათი სრული მობილიზაცია.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა მზადაა სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს, რაზეც ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია, მან პროკურატურის შეთავაზებებაზე უარი განაცხადა.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა, ხოლო 17 მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იხილეთ ბმულზე.