“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და სწორედ ამიტომ დააკავეს ნიკა მელია.
კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციას მადლობას უხდის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია “სანიმუშოდ, ძალის გადამეტების გარეშე” ჩატარდა.
“ეს არის სახელმწიფო, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლის უზენაესობას, კანონის უზენაესობას”, – თქვა მან მელიას დაკავების სპეცოპერაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, ნიკა მელია “განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით გამოირჩეოდა”.
კობახიძემ თქვა, რომ “2012 წელს, ხელისუფლებაში ყოფნის მოტივით, ნიკა მელია აკოტრებდა კერძო ბანკს. 2019 წელს ორგანიზებას უწევდა პარლამენტში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორგანიზებას უწევდა ცესკოს შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობს, იყო პარლამენტის საბოტაჟის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. სახელმწიფოს ემუქრებოდა იმით, რითიც წარდგენილი აქვს ბრალი – ძალადობრივი რევოლუციით. დემონსტრაციულად გადაადგო ელექტრონული სამაჯური, რითიც შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს. შეეფარდა გირაო, რომელიც არ გადაიხადა, რითაც კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს. მხოლოდ ამის შემდეგ დაუფასდა ყველა კრიმინალური და რადიკალური ქმედება და დაინიშნა ენმ-ის ფორმალურ თავმჯდომარედ”.
კობახიძე ხაზს უსვამს ნიკა მელიას განცხადებას იმაზე, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და ვერ დაიჭერდნენ.
“არ გადაიხადა – დაიჭირეს, უფრო სწორად, თვითონ დაიჭრა საკუთარი თავი”. – თქვა მან.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ ნაციონალურ მოძრაობას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს უწოდა “წითელი ბოლშევიკები”:
“დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი არმიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა, დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები: მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ”.
ცნობისთვის, დაახლოებით 7:30 საათისთვის საპოლიციო ძალები მივიდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სამართალდამცავებმა დილის 9 საათისთვის დააკავეს. ის სპეცრაზმის წარმომადგენლებმა საკუთარი კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.
სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან სახანძრო ავტომანქანის კიბის გამოყენებით, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა.
ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.