მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტი 41 500 000 ლარამდე გაიზარდა

333

19 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს სხდომაზე განსახილველად სამი საკითხი იყო გამოტანილი.

საკრებულოს სხდომაზე პირველი საკითხი 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს შეეხებოდა. როგორც სხდომის მსვლელობისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, წლევანდელ ბიუჯეტს გასული წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი თანხები ემატება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

„მოგახსენებთ, რომ 2020 წლის საბიუჯეტო წელი დასრულდა და რა თქმა უნდა ბიუჯეტში დარჩა ნაშთი თავისი ვალდებულებებით. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს ნაშთი ბიუჯეტში დავაზუსტოთ. გადმოსული ნაშთი, თავისი ვალდებულებებით, შეადგენს 5 210 000 ლარს, მაგრამ აქედან 980 000 ლარი დარჩა თავისუფალი ნაშთი. აღნიშნული თანხები გადანაწილდება წლევანდელი ბიუჯეტით განსახორციელებელ პროექტებზე“ – განაცხადა ვუგარ მამედოვმა

მამედოვის განმარტებით, ცვლილებების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 41 500 000 ლარამდე გაიზარდა. აქედან მუნიციპალიტეტის საკუთარი სახსრები შეადგენს 34 500 000 ლარს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 7 000 000 ლარს.

მეორე საკითხის განხილვისას ცვლილებები შევიდა მარნეულის მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებაში. საკითხის მომხსენებელმა, მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, რომ დღეს მიღებული ცვლილების შედეგად მარნეულის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესი და სამსახურების დებულებები პირველი მარტიდან შევა ძალაში.

„პირველი მარტიდან გვინდა რომ შევიდეს ძალაში, რათა შემდგომ არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე გამოცხადდეს კონკურსები და კანონით დადგენილი წესით და ვადაში მოხდეს ამ ვაკანტური პოზიციების შევსება,“ – განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ.

საკრებულოზე გამოტანილი მესამე საკითხი მარნეული-ალგეთის მიმართულებით მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსს შეეხებოდა. როგორც საკითხის მომხსენებელმა განაცხადა, აღნიშნული ავტობუსის გაჩერება მარნეულის ბაზრის მიმდებარედაა რის გამოც ტერიტორიაზე ხშირ შემთხვევაში მსუბუქი ავტომანქანები არიან გაჩერებული, ხოლო ავტობუსის გასაჩერებელი ადგილი აღარაა. საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალური ავტობუსის გაჩერების ადგილას ამკრძალავი ნიშანი განთავსდეს, რომლის მიხედვითაც მსუბუქ ავტომანქანებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთვნილ ადგილზე გაჩერება აეკრძალება.

საკრებულოს წევრებმა სამივე საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.