ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება. 56 სოფლისთვის თანხები უკვე გადანაწილებულია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 648 000 ლარი 56 სოფელზე გადანაწილდება. რაში დახარჯავს მოსახლეობა კუთვნილ თანხას რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.
განკუთვნილი თანხიდან ყველაზე მეტი 20 000 – 20 000 ლარი ორ სოფელში უდესა და არალში დაიხარჯება, ხოლო ყველაზე მცირე 10 000 – 10 000 ლარი 28 სოფელზეა გამოყოფილი, 22 სოფლისთვის კი 12 000 –12 000 ლარი განისაზღვრა, რაც შეეხება 16 000 – 16 000 ლარს 4 სოფელზე გადანაწილდება.
საკონსულტაციო შეხვედრები 25 თებერვლიდან – 15 მარტის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.