კახეთში ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის ადგილი ჯერ კიდევ არ შეურჩევიათ

730

კახეთში მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ რეგიონული ნაგავსაყრელი უნდა ააშენოს, რაზეც საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. თუმცა, ადგილი, სადაც მშენებლობა უნდა განხორციელდეს, ჯერ შერჩეული არ არის. კომპანია მოსახლეობას ეტაპობრივად ხვდება, რაც ადგილობრივების ინფორმირებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ ჩართულობას ისახავს მიზნად. ამის შესახებ სპექტრი წერს.

გასულ კვირას შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში გაიმართა, მანამდე კი ანალოგიური ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელდა.

როგორც speqtri.ge-ს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველმა, ხათუნა ჩიკვილაძემ განუცხადა, ადგილის შერჩევის პროცესი ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

„გამოკვეთილია რამდენიმე ადგილი, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ გავქვს. განიხილება მთლიანად კახეთის რეგიონი და არა რომელიმე კონკრეტული მუნიციპალიტეტი. მოსახლეობას ნაგავსაყრელის მშენებლობა არ უნდა. როგორც კი ნარჩენებს უხსენებ, თავში სტერეოტიპულად წარმოუდგებათ სუნიანი ნაგავსაყრელი. შეიძლება აპელირება გააკეთონ საყოფაცხოვრებო აფეთქებაზეც, რომელიც ჩერნობილში მოხდა. რა თქმა უნდა, ეს არაფერ შუაში არ იყო საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან. ამ ყველაფერს ინფორმაციის ნაკლეობობა იწვევს. ეს აბსოლუტურად განსხვავებული, თანამედროვე ნაგავსაყრელი იქნება. მოთხოვნები ევროკავშირის შესაბამისია. თან დამფინანსებელი საერთაშრისო საფინანსო ინსტიტუტი გვყავს, შემმუშავებლები საერთაშორისო ექსპერტები არიან და ორგვარ მონიტორინგს გავდივართ, როგორც ჩვენი და ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით,“- აღნიშნა speqtri.ge-სთან ხათუნა ჩიკვილაძემ.

მისივე თქმით, როდესაც რეგიონული ნაგავსაყრელი აშენდება,კახეთში  არსებული ყველა მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურება.

პროექტი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს. ნაგავსაყრელი აშენდება როგორც კახეთის რეგიონში, ასევე სამეგრელოშიც, რისთვისაც მთლიანობაში 35 მილიონი ევრო დაიხარჯება.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და დოკუმენტების მომზადების შემდეგ, რასაც სავარუდოდ, ერთი წელი დასჭირდება, კახეთში ნაგავსაყრელის მშენებლობა დაიწყება. როგორც მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განმარტავენ, სამშენებლო სამუშაოებიც აგრეთვე ერთ წელში დასრულდება.