კახეთის მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. დღეს მოვინახულეთ სამივე მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები. პირველი მონაკვეთის გახსნა უკვე გაისად გვაქვს დაგეგმილი. დარჩენილ ორ მონაკვეთზე აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები. ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკულია კახეთის მაგისტრალის 35 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც თბილისიდან საგარეჯომდე ჩადის. ამ მონაკვეთის დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება გადაადგილების დრო და მგზავრობა მეტად კომფორტული გახდება. პროექტით გათვალისწინებულია 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც 110 კმ საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს, ბუნებრივია, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით,- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროცესის დათვალიერებისას განაცხადა.
კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2021 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა, სადაც შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილის ჩქაროსნული საავტომობილო გზა.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა დაყოფილია 3 მონაკვეთად (ლოტად) – ვაზიანის შემოვლითი გზა, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი, საგარეჯოს შემოვლით გზა. სამშენებლო სამუშაოები სამივე მონაკვეთზე მიმდინარეობს. ვაზიანის შემოვლითი გზის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის – 2024 წელს იგეგმება. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარია.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა – ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს მგზავრობის დროს.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს კახეთის მაგისტრალის შემადგენელ საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზეც, ხოლო, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით სამუშაოები უკვე დაწყებულია.
„მთლიანობაში, პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული 10 წლიანი განვითარების სტრატეგიის და „ხედვა 2030“-ის გათვალისწინებით, დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტირებაა გათვალისწინებული კახეთის მაგისტრალისა და შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო გზების განვითარებაში. შესაბამისად, ყველა მიმდინარე და დაგეგმილი მონაკვეთის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე ჩასვლა 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი, რაც ბუნებრივია, კახეთის ისედაც დიდ პოტენციალს, შემდგომი განვითარებისთვის კიდევ უფრო მძლავრ მუხტს მისცემს,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.