ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. ინვესტიციამ კი 4 000 000 ლარი შეადგინა.
ცენტრში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოტურისტული სერვისების შესახებ; გარდა ამისა, ადმინისტრაცია მოგზაურების მოთხოვნების იდენტიფიცირებასა და ეკოტურისტული პროდუქტების სწორად დაგეგმვა/განვითარებას შეძლებს.
„გერმანიის მთავრობის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით, შატილში ახალი, თანამედროვე სტანდარტის ცენტრი აშენდა, სადაც ვიზიტორები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, ყველა მათთვის საინტერესო ტურისტული მარშრუტის, იმ ბიომრავალფეროვნების შესახებ, რომელიც ახასიათებს ამ კუთხეს. გერმანიის მთავრობასთან წლებია ვთანამშრომლობთ და უკვე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა მათი მხარდაჭერით. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა და ამავდროულად, იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩვენს ბუნებას გააჩნია ეკოტურისტული თვალსაზრისით, რათა მოვიზიდოთ მეტი ტურისტი, მეტი ვიზიტორი, რაც ნიშნავს მეტ შესაძლებლობას და მეტ შემოსავლებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
სამინსიტროს ინფორმაციით, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, შუასაუკუნოვანი კოშკებითა და უნიკალური ლანდშაფტებით, თანაბრად იზიდავს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს. დაცული ტერიტორია მდიდარია მრავალფეროვანი ეკოსისტემებით, როგორიცაა: სუბ-ალპური ტყეები, ალპური მდელოები, კლდოვანი მთები, შთამბეჭდავი ხეობები და ტბები. იგი, ასევე, შუა საუკუნეების დროინდელი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითაც გამოირჩევა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და გერმანიის ერთობლივი პროექტი წარმატებით განხორციელდა და ვიზიტორთა ცენტრი დაარსდა, რომელიც დაკომპლექტებულია რეინჯერებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სხვა თანამშრომლებით. დარწმუნებული ვარ, ვიზიტორთა ცენტრი მიიღებს სტუმრებს როგორც გერმანიიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. მჯერა, რომ შატილი და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი კიდევ უფრო მიმზიდველი ტურისტული მიმართულება გახდება“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა.