ნინო თანდილაშვილმა „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი“ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა

309

წინა სტატია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი“ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, 50 800 ჰექტარ ფართობზე, რაჭის ეროვნული პარკი შეიქმნება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რაჭაში დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს რეგიონის ბიომრავალფეროვნების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას; განვითარდება ეკოტურიზმი, ინფრასტრუქტურა, დაინერგება ახალი ტურისტული სერვისები, რაც დადებითად აისახება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 21 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (KfW) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყანა 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტს მიიღებს. აღნიშნული გრანტიდან 16.25 მლნ ევრო მოხმარდება სწორედ დაცული ტერიტორიების, მათ შორის, რაჭის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას.

რაჭა გამოირჩევა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით და საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მისი დაცვა-შენარჩუნება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

საპარლამენტო მოსმენისას, ნინო თანდილაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღეისათვის, დაცული ტერიტორიები, დაახლოებით, 800 000 ჰექტარს შეადგენს. ქვეყანაში დაცული ტერიტორიების გაფართოება-შექმნის პროცესი გრძელდება და მიმდინარე წელს, დაახლოებით 110 000 ჰექტრით გაიზრდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.