ქუთაისის მიმდებარედ ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა იგეგმება. ახალი ნაგავსაყრელი იმერეთს და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს მოემსახურება. რაც შეეხება ქუთაისში ამ დროისთვის მოქმედ, ნიკეას ნაგავსაყრელს, მისი დახურვა სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის” პროექტის თანახმად, რომლის განხილვა ამ დროისათვის მიმდინარეობს, ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურის მოწყობა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა იგეგმება.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის საქართველოსთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში და ითვალისწინებს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ სტანდარტებს. პროგრამის ღირებულება შეადგენს ჯამში 20 მლნ ევრო სესხის, 3.5 მლნ ევრო გრანტსა და 4 მლნ ევროს ადგილობრივ კონტრიბუციას.