“ნაციონალური მოძრაობა”: მოვუწოდებთ “ოცნებას” არ იფიქროს შტურმზე

253

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ენმ იყო, არის და დარჩება მშვიდობის ფარგლებში. პატია “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს არ იფიქრონ მათი ოფისის შტურმზე სადაც ამ დრომდე რჩებიან ოპოზიციის ლიდერები და ნიკა მელიას მხარდამჭერები.

“ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი, პრემიერმინისტრი გადადგა (შედეგად მთელი მთავრობაც) და მიზეზად დაასახელა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყანას დესტაბილიზაციისკენ, რადიკალიზაცისკენ წაიყვანდა. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებენ, მშვიდობის ფარგლებში დარჩნენ, რიტორიკა შეცვალონ და კრიზისის განმუხტვის გზა მოძებნონ.

ენმ ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. მოვუწოდებთ, ”ქართულ ოცნებას” არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ”, – წერს ენმ განცხადებაში. 

პარტია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ სიტუაციის განსამუხტად “ქართულ ოცნებასთან” ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართოს, ფასილიტატორების ჩართულობით.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა.

მთელი ღამის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. 18 თებერვალს, დილით პოლიცია ენმ-ის ოფისთან მივიდა, თუმცა აქტივისტებმა შენობაში არ შეუშვეს.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. მან გადადგომის მიზეზად სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება გადადო. იმავე დღეს “ქართულმა ოცნებამ” პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.