თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვდა.
ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლა პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ენმ-ის ლიდერმა გირაოს მეორედ გადახდაზე უარი თქვა. მელიას უარი ემყარებოდა იმას, რომ ამავე საქმეზე მას ერთხელ უკვე გადახდილი აქვს სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო. საუბარია 20 ივნისის საქმეზე, როცა სასამართლომ მას გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება შეუფარდა.
პროკურატურა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
გასული წლის 1 ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ განაცხადა, რომ ამ თანხის გადახდას არ აპირებდა, რის შემდეგაც პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების, ანუ პატიმრობის მოთხოვნა დააყენა. ამისთვის მას პარლამენტის ნებართვა სჭირდებოდა, რადგან ბოიკოტის მიუხედავად, მელია კვლავ დეპუტატია. 16 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი უკვე მეორედ მოუხსნა და პროკურატურამ სასამართლოს იმავე დღეს მიმართა.
ნიკა მელია მთელი ამ დროის განმავლობაში აცხადებს, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერ დაიჭერენ. მისი თქმით, საქმე პოლიტიზებულია. არსებული ინფორმაციით, ის ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში იმყოფება, სადაც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მივიდნენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ.
რადიო “თავისუფლების” ცნობით, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან შეშა და კასრები მიიტანეს გასათბობად იმ შემთხვევისთვის, თუ ნიკა მელიას მხარდასაჭერად ხალხი მივა.
პარალელურად, ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმი და პოლიციაა მობილიზებული.