მელია: გახარიამ გადადგომით აღიარა, რომ სისხლისღვრა იგეგმებოდა და ეს არ გააკეთა

241

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, გახარიას საქციელი დასაფასებელია და მისი გადადგომით ნათელი გახდა, რომ ენმ-ის ოფისში სისხლისღვრა იგეგმებოდა.

მელიას თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მმართველ გუნდთან შეხვედრას ითხოვს.

“ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს, რიგ “ქართული ოცნების”  წარმომადგენლებში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გახარიას, რომელმაც, როგორც ჩანს, მეორედ აღარ გადადგა სისხლისღვრისკენ ნაბიჯი, რომლისკენაც ალბათ, საკუთარი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ. გახარიას საკმარისი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური, ადამიანური ცოდვაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ამ ლაქას ის ვერასდროს ჩამოირეცხავს. ის, რომ გახარია გადადგა თანამდებობიდან, ის, რომ მან, პრაქტიკულად, აღიარა, რომ დღეს სისხლისღვრა იგეგმებოდა და ეს არ გააკეთა, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, მაგრამ ეს საქმეს არ უშველის. ვითხოვთ სასწრაფოდ შეხვედრას პარტნიორი ელჩების თანამონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთ საკითხთან, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით”, – განაცხადა მელიამ.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მელიას დაკავება დროებით გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა გუშინ, 17 თებერვალს ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.