ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმი და პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლები ყვითელ ავტობუსებში სხედან. ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით კი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ეზოში სამართალდაცველები ემზადებიან. დეპარტამენტი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ახლოს, კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე გავრცელებულ კადრებსა და ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
პარალელურად, რადიო “თავისუფლების” ცნობით, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან შეშა და კასრები მიიტანეს გასათბობად იმ შემთხვევისთვის, თუ ნიკა მელიას მხარდასაჭერად ხალხი მივა.
„შეშა, როგორც წესი, გათბობას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებას ფობია აქვს შეშის მიმართ“, – უთხრა რადიო თავისუფლებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, დაცვის მხარე კი – მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
სხდომას თავად ნიკა მელია არ ესწრება. ის, სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში იმყოფება.