მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებების და კონსულტაციების გამართვა დაიწყო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
პირველი გასვლითი შეხვედრა 16 თებერვალს სოფელ საბირქენდში, ალგეთში, ტაზაკენდში, დამია გიორარხში, ახლო ლალოში, დამიაში, კიროვკაში, კაჩაგანში, კირეჩ-მუღანლოში, თაქალოსა და ხანჯიგაზლოში ტარდება.
მერიის თანამშრომლები მოსახლეობასთან შეხვედრებს სამ ჯგუფად ატარებენ. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბარისას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე ამბობს, სოფლებში, სადაც თავად იმყოფებოდა, ძირითადად გარე განათების მოწყობა მოითხოვეს.
„ჩემი ჯგუფი კაჩაგნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოთხ სოფელში ვიყავით გასულები. ძირითადად გარე განათების მოთხოვნა იყო და გზის მოხრეშვითი სამუშაოები. შეხვედრა შედგა კანონით განსაზღვრული ვალდებულებებით და ოქმის შედეგად ხალხის უმრავლესობით არჩეული პროექტები იქნა დაკმაყოფილებული“
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი, დავით მუმლაძე გვეუბნება, რომ დღეს ოთხ სოფელში იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა სახის პრობლემები დასახელდა.
“დამია გიორარხში, დამიაში და კიროვვკაში ვიყავით. ჯერ პროექტების შერჩევა იქნება. რამდენიმე ვარიანტი აირჩია მოსახლეობამ და მერე ვიმსჯელებთ, რაც გადაწყდება იმას გავაკეთებთ. ზოგმა გარე განათება, ზოგმა სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ზოგმა წყლის მილების შეცვლა დაასახელა. მაგალითად, კიროვკაში, რამდენიმეგან არის გარე განათება მოსაწყობი, რაც ფული დარჩება იმით აპირებენ სარწყავი სისტემის მოწესრიგებას თუ თანხა ეყო“
სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2021 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.
სოფლის საერთო კრებების ჩატარება მუნიციპალიტეტის 84 სოფელში 26 თებერვალს დასრულდება.
საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღი და დრო იხილეთ ბმულზე.