ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციოდ და სოფლის მხარდაჭერის პროექტებისთვის შეძენილი 76 700 ლარის მასალა დასაწყობებულია და მოსახლეობას არ გამოუყენებია, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018-2019 წლებში ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათის შეძენილია 291.2 ათასი ლარის, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში – 74.9 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა მასალა.
“შესყიდული მასალებით მუნიციპალიტეტის სოფლებში უნდა შესრულებულიყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო. თუმცა წარმოდგენილი მონაცემებით გამოვლინდა, რომ მოსახლეობისათვის გადაცემული მასალების ნაწილი, თანხით 76.7 ათასი ლარი, დასაწყობებულია და მოსახლეობას დანიშნულებისამებრ არ გამოუყენებია”, – წერია ანგარიშში.
აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა სამუშაოების დაგეგმვისას არ გაითვალისწინა ყველა ფაქტორი, რასაც, შესაძლოა, ხელი შეშალა პროექტის წარმატებით დასრულებისათვის.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა 76.7 ათასი ლარი დახარჯა არაეფექტიანად და პროექტების სრულყოფილად შესრულებისათვის არ დააწესა სათანადო კონტროლი შესყიდული მასალების დროულ ხარჯვაზე, აღრიცხვასა და გამოყენებაზე.