ომბუდსმენი გელათზე: 10 თვით დაგვიანდა დროებითი გადახურვის გაკეთება

349
სახალხო დამცველმა გელათის ტაძრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველადი შეფასება გამოაქვეყნა. როგორც ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის დასაწყისში ძეგლზე უკვე არსებობდა დაზიანებები, თითქმის 10 თვით დაგვიანდა დროებითი გადახურვის გაკეთება.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საკითხის შესწავლის დროს გამოვლინდა ასევე სისტემური ხასიათის პრობლემაც.

“მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის დასაწყისში ძეგლზე უკვე არსებობდა დაზიანებები, თითქმის 10 თვით დაგვიანდა დროებითი გადახურვის გაკეთება; დროებითი ღონისძიებების განხორციელებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ცნობილი გახდა დროებითი გადახურვის დაზიანების თაობაზე. აღნიშნული მიუთითებს თუ რამდენად არაეფექტურად მიმდინარეობდა პასუხისმგებელი უწყების მხრიდან ძეგლზე განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმარება და ზედამხედველობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის თქმით, ამ დრომდე საფრთხე ექმნება კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციის სწორად წარმართვის პროცესს.

“საკითხის შესწავლის დროს გამოვლინდა ასევე სისტემური ხასიათის პრობლემა. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოების ეტაპობრივი ჩაბარების დროს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საექსპერტო დასკვნის გზით შეფასების ვალდებულებას. აღნიშნული დიდ საფრთხეს უქმნის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციის სწორად წარმართვის პროცესს”, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს რეკომენდაციით:

1- გელათის შეუქცევადი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, დაგეგმილი სამუშაოები განხორციელდეს იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოს დაზიანების გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით ჩასატარებელ კვლევებს;

2- როგორც გამოვლენილი ხარვეზების მიზეზების დასადგენად, ასევე სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვისას უზრუნველყოფილ იქნას კვალიფიციური, დამოუკიდებელი საერთაშორისო/ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობა;

3 – საზოგადოებას სისტემატურად მიეწოდოს სრული ინფორმაცია არსებულ პრობლემებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში საკითხზე ზედამხედველობას და შემდგომ შეფასებებს მიაწვდის საზოგადოებას.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა, თუმცა ამ პროექტმა ზამთარში გელათის ფრესკები ვერ დაიცვა, რადგან სახურავი ისევ დაზიანდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს.