ბორჯომი – 0, ახალციხე – 3 — მერის მრჩეველთა საბჭოს რამდენი სხდომა ჩატარდა 2020 წელს

883

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომები 2020 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. მერიაში ამბობენ, რომ მიზეზი პანდემიაა. ინფორმაციას toktv.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მათ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა საბჭო 11 პირისგან შედგება. საბჭო დაკომპლექტებულია სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისგან.

რაც შეეხება ახალციხის მერიის მრჩეველთა საბჭოს, საჯარო ინფორმაციის მიხედვით, აქ 2020 წლის განმავლობაში სულ სამი სხდომა ჩატარდა, რომელზეც 9 საკითხი განიხილეს.

უწყების მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს საბჭოს წევრები 31 იანვარს, 25 ივნისს და 6 ნოემბერს შეიკრიბნენ.

საბჭო 29 პირისგან არის დაკომპლექტებული.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესის მიხედვით, საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბოს.

ფუნქციონირებს თუ არა მერის მრჩეველთა საბჭო რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში და რამდენი სხდომა ჩატარდა? ამის შესახებ საჯარო ინფორმაციას გამოცემა ადიგენის, ნინოწმინდის, ასპინძის და ახალქალაქის მერიიდან ელოდება.