გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრიც დააკვირდება. ინფომაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
როგორც ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ სატელევიზიო გადაცემაში ,,საუბარი მოძღვართან” განმარტა, მონასტერს 8 თებერვალს ალავარდელი მეუფე დავითი (მახარაძე) სტუმრობდა, რომელიც სპეციალობით არქიტექტორია და საპატრიარქოში ხუროთმოძღვრების ცენტრის დამფუძლებელი.
“მეუფე დავითი (მახარაძე) საერო განათლებით არქიტექტორია და მისი თაოსნობით დაფუძნდა საპატრიარქოში ხუროთმოძღვრების ცენტრი. ამ ცენტრს კავშირი აქვს სხვადასხვა საზოგადოებებთან, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. მეუფე ბრძანდებოდა წირვაზე. დანიშნა შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებთან რომ ენახა გადახურვა. თუ დარჩა კიდევ გამოსასწორებელი რაიმე, რადგან ჯერ კიდევ ზამთარია, გაზაფხულზე შეიძლება წვიმები იყოს. ამიტომ, სანამ კარგი ამინდია უნდა მოვემზადოთ”,- განაცხადა მეუფე იოანემ.
ალავერდელ მეუფეს მან 8 თებერვალს, დავითობის დღესასწაულზე წირვის დასრულებისას მიმართა და გელათის მონასტრის სამუშაოების მიხედვა სთხოვა.
“შენი მისახედია აქაურობა იმიტომ, რომ მე რომ ჩავერიო მეტყვიან თქვენ ხომ პროფესიონალი არა ხართ. აი, შენ ხარ. ასე, რომ ერთად ვიბრძოლოთ. გამოსწორდეს ის ხარვეზები, რაც ჩვენი უგულისყურობით, უყურადღებობით, ნაჩქარევად გაკეთებულობით მოხდა. უკვე დადგა გამოსწორების გზა. აქ ბევრია გასაკეთებელი, მისახედი”,- აღნიშნა მეუფე იოანემ.
ალავერდელი მეუფის განცხადებით, გელათის მონასტერში არსებულ მდგომარეობის გამო ყველა დამნაშავეა და ხარვეზები გამოსასწორებელია.
“მეუფემ რაც ბრძანა, აქ ბევრია გასაკეთებელი. ერთი და ორი არაა დამნაშავე. დამნაშავე ვართ ყველა. დიდი და პატარა, რომელთაც ვერ უგულებელვყავით ის განძი და სიმდიდრე, რაც ჩვენმა დიდმა წინაპარმა დაგვიტოვა. ვემსახურეთ გულგრილად, მხოლოდ სახელისათვის და არა ფესვის სიღრმისათვის”,- განაცხადა ალავერდელმა მეუფე დავითმა.
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე გადახურვის სამუშაოები ხარვეზებით შესრულდა. ისტორიულ ნაგებობაზე დროებითი სამუშაოების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გასული წლის ზაფხულში, სახურავის რეკონსტრუქციიდან ერთ თვეში, ტაძარში წყალი ჩავიდა და ფრესკები დააზიანა. უნიკალური მხატვრობის დაზიანების პროცესი ამ დრომდე გრძელდება, კედლის წვრილი ფრაგმენტები ტაძრის მსახურებს იატაკსა და ხალიჩებზე ამ დრომდე ხვდებათ.
მას შემდეგ, რაც ტაძარზე ხარვეზებმა თავი იჩინა და შუა საუკუნეების ნაგებობის უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს” დააბრალა. სააგენტოს თქმით, კომპანიამ სახურავი ცუდი ხარისხის კრამიტით მოაპირკეთა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ტენტით გადახურეს. ტაძარს დროებითმა გადახურვამ არ უშველა. ნაგებობაში კვლავ ჩადიოდა წყალი. საზოგადოების მწვავე პროტესტის შემდეგ, სააგენტო იძულებული გახდა სახურავზე ამჯერად თუნუქის გადახურვა მოეწყო, თუმცა, არც ეს დროებითი ღონისძიება აღმოჩნდა მყარი. ორი დღის წინ თუნუქიც დაზიანდა და ტაძარზე სპეციალისტები ისევ ხარვეზების გამოსასწორებლად ავიდნენ.
მომხდარის შემდეგ სააგენტო იძულებული გახდა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები დაეჯარიმებინა და პროცესისთვის ჩამოეშორებინა.
ტაძარზე ახლა სრულად უნდა შეიცვალოს კრამიტი, რომელსაც ახალი კომპანია შეასრულებს.
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.