მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველი კორპუსი ლანჩხუთის ცენტრში

528

ლანჩხუთში ჟორდანიას ქუჩაზე, „გადარეული გურულის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ბოლო წლებია გარკვეული პრობლემების წინაშე დგას, როგორც ფასადის, ისე სახურავის მხრივ და დროულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.

ქარიან ამინდში ხშირია შემთხვევები, როცა აღნიშნული სახლის სახურავიდან თუ ფასადიდან სხვადასხვა სამშენებლო საგნები ვარდება. ეს ტერიტორია, იქედან გამომდინარე, რომ მიმდებარედ არაერთი სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს და ამავდროულად, მიკროავტობუსებისა და ტაქსების გაჩერების ადგილია, მუდმივად ხალხმრავალია და შესაბამისად, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ მსგავსმა შემთხვევებმა სავალალო შედეგი გამოიწვიოს. იყო შემთხვევები, როცა შენობიდან ჩამოვარდნილი სამშენებლო მასალა იქვე გაჩერებულ ავტომანქანას დაეცა და დააზიანა.

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ აღნიშნული კორპუსის გარეფასადი ათეული წლებია, თუნუქითაა შეფუთული და დღევანდელი მდგომარეობით, საკმაოდ დაზიანებულია. ეს, ერთი მხრივ, ძირეულად ამახინჯებს სახლის იერსახეს, ასევე, საფრთხის შემცველია მოქალაქეებისთვის და პრობლემა უკვე დიდი ხანია, რეაგირებას ითხოვს.

ამასთან, საგულისხმოა, რომ მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 2 685 681 ლარი გამოეყო, რომლის თანადაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა მიიმართოს 141 406 ლარი. აღნიშნული თანხიდან ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში 862 505 ლარი გაიხარჯება და როგორც მერიის მიერ განმარტებულია, თანხის გარკვეული ნაწილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მოხმარდება.

„გურიანიუსი“ დაინტერესდა სარეაბილიტაციო ობიექტთა ნუსხაში არის თუ არა ქალაქის ცენტრში მდებარე ზემონახსენები მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი.

როგორც გამოცემამ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ლევან ჩხაიძესთან საუბრის შედეგად გაარკვია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხა, არა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების, არამედ  სახურავების რეაბილიტაციისთვის გაიხარჯება.

„სრულად ვერ მოხერხდა სახურავების რეაბილიტაცია და ამ ეტაპისთვის ეს თანხა ამაზე დაიხარჯება. პროექტი ერთად იყო გაკეთებული _ ფასადები და სახურავები, თუმცა, თანხების რაოდენობიდან გამომდინარე, პირველ რიგში, სახურავების რეაბილიტაცია  მოხდება, შემდეგ უკვე გადავალთ ფასადების რეაბილიტაციაზე. მესმის, რომ აღნიშნულ სახლს ფასადის პრობლემა აქვს, ამიტომ სახურავის მოწყობასთან ერთად ვგეგმავთ ნაწილობრივ ფასადიც მოვაწესრიგოთ. გვინდა, რომ მიმდინარე წელს მოხდეს, თუმცა, ჯერ არაა პროექტში ჩასმული“, – განაცახადა ლევან ჩხაიძემ.