მიწის რეფორმით დამტკიცებული მიწის ნაკვეთები მშობლიურ სოფელში – რა ქონებას ფლობს ლანჩხუთის მერი

699

შემდეგი სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ალექსანდრე სარიშვილი “ქართული ოცნებიდან” ლანჩხუთის მერის თანამდებობას უკვე მეორედ იკავებს, პირველად ის 2017 წელს აირჩიეს, მეორედ – 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე. ის საჯარო სამსახურში 2014 წლიდანაა და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციაც ყოველ წელს, ჯამში 8-ჯერ, აქვს შევსებული. პირველი დეკლარაციის შევსებისას სარიშვილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო.

ბოლო დეკლარაცია სარიშვილს 2021 წლის სექტემბერში აქვს შევსებული, როცა ის ჯერ კიდევ 2017 წელს არჩეული მერი იყო. 38 წლის ალექსანდრე სარიშვილს ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს დედა და მამა.

2021 წლის დეკლარაციით, ოჯახი, 25%-იანი წილობრივი მონაწილეობით, ფლობს 5 უძრავ ქონებას, ჯამში 23 330 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ყველა მიწის ნაკვეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშია.

ლანჩხუთის მერის უძრავი ქონება ასე გამოიყურება: სარიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს 5 უძრავი ქონებიდან ოთხი “მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” რეფორმის ფარგლებში სარიშვილის პირველი ვადით მერობის პერიოდში აქვთ მიღებული, თუმცა, ამ მიწის ნაკვეთების კვადრატულობის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა წლის დეკლარაციაში სხვადასხვაა. ერთი მიწის ნაკვეთი კი, როგორც დეკლარაციაში წერია, ასევე რეფორმის ფარგლებში, 2011 წელს დაურეგისტრირებიათ. მი

ბოლო დეკლარაციაში სარიშვილს უწერია, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს, მიწის რეფორმის ფარგლებში, მიუღიათ: სოფელ ჩოჩხათში მდებარე 2400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც საკუთრებად 2011 წელს დაურეგისტრირებიათ; ამავე სოფელში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც საკუთრების უფლება 2016 წელს მიუღიათ; ისევ ამავე სოფელში მდებარე 2815 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აგრეთვე, სოფელ კოკათში მდებარე 1000 კვ.მ და 15800 კვ.მ მიწის ნაკვეთები. ამ ბოლო მიწის ნაკვეთზე მითითებულია, რომ იქ საცხოვრებელი სახლი დგას, თუმცა, სახლის ფართობი აღნიშნული არ არის. ეს სამი მიწის ნაკვეთი, მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, 2019 წლის 6 სექტემბერსაა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული.

როგორც წინა დეკლარაციებიდან ირკვევა, ამ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი, რომლებსაც, სარიშვილისვე ინფორმაციით, 1992 წლიდან ფლობენ, 2018 წლიდან იწყება, თუმცა, საინტერესოა, რომ ბოლო დეკლარაციაში შეტანილი 15 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წინა წლებში არ ფიქსირდება. მის ნაცვლად 2019-2020 წლების დეკლარაციებში 2470 კვ.მ. მიწის ნაკვეთია მითითებული და 2 წლის განმავლობაში სწორედ მასზე უფლების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობდა. როგორ გახდა წინა წლების დეკლარაციებში არსებული 2470 კვ.მ. მიწა 2021 წლის დეკლარაციით – 15 800 კვ.მ., მითითებული არსად არის. 2021 წლისგან განსხვავებულია მიწის ნაკვეთების შეძენის ფორმებიც – ნაწილ მათგანს “გაფორმება”, ნაწილს – “გადმოცემა”, ნაწილს კი  “სხვა” უწერია. რაც შეეხება მფლობელობას, 2019 წელს ლანჩხუთის მერი მხოლოდ ერთი – 2016 წელს რეგისტრირებული 1 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 25%-იანი წილის მფლობელი იყო, დანარჩენს კი 100%-ით მამამისი ფლობდა.

განსხვავებულია 2018 წლის დეკლარაციის მონაცემებიც: აქ უკვე სოფელ ჩოჩხათში არსებული 2815 და 2 470 კვ.მ. მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია არ ჩანს. სამაგიეროდ ჩანს 5 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის შეძენის ფორმადაც “გადმოცემაა” მითითებული და 100%-იანი წილის მფლობელი ლანჩხუთის მერის მამაა. როგორც ჩანს, სწორედ ეს მიწის ნაკვეთი გაიყო შემდეგ, რაც მომდევნო დეკლარაციებში ცალ-ცალკე მიწის ნაკვეთებად მიწის რეფორმის ფარგლებშია რეგისტრირებული და რომელიც ოჯახის წევრებზე, როგორც მფლობელებზე, თანაბარი პროცენტით გადანაწილდა.

საინტერესოა ისიც, რომ ამავე წლის დეკლარაციაში ჩნდება სოფელ ჩოჩხათშივე მემკვიდრეობით მიღებული 200 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ასევე მხოლოდ სარიშვილის მამა ფლობდა. საცხოვრებელი სახლის არსებობა 2019-2020 წლების დეკლარაციებში არ ჩანს. 2021 წლის დეკლარაციაში კი საცხოვრებელი სახლი იმ 15 800 კვ.მ. მიწაზე დგას, რომელიც სხვა არცერთ დეკლარაციაში არ ფიქსირდება და მიწის ნაკვეთიც მიწის რეფორმის ფარგლებში აქვს მიღებული და არა – მემკვიდრეობით. ამასთან, ეს მიწის ნაკვეთი სოფელ კოკათში მდებარეობს, 2018 წელს დაფიქსირებული სახლი კი – სოფელ ჩოჩხათში. ეს 200 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი სარიშვილის 2014-2018 წლების დეკლარაციებში გვხვდება. მართალია, კოკათიც და ჩოჩხათიც ერთ – ჩოჩხათის თემში შემავალი სოფლებია, თუმცა, არის თუ არა ეს ორი სახლი ერთი და იგივე, სარიშვილის დეკლარაციებიდან ამის დადგენა ვერ ხერხდება.

2017 წელს ლანჩხუთის მერის დეკლარაციაში კიდევ ერთი – 3 715 კვ.მ. მიწის ნაკვეთია მითითებული, რომელიც 100%-ით მამას – ბადრი სარიშვილს ეკუთვნის, სოფელ ღრმაღელეში მდებარეობს, 1992 წლიდან ფლობს, შეძენის ფორმად კი “გადმოცემა” უწერია, ისევე, როგორც ამ დეკლარაციაში შეტანილ დანარჩენ სამ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც 100%-ით ასევე ბადრი სარიშვილი ფლობს. 3715 კვ.მ მიწაც სოფელ ღრმაღელეში 2017 წლამდეა ამ კვადრატულობის, 2018 წლიდან ამ სოფელში მდებარე მიწა 2415 კვ.მ. ხდება, ხოლო სოფელ ჩოჩხათში ჩნდება 1300 კვ.მ. მიწა. როგორც ჩანს, ეს ორიც გაყოფის შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთებია.

2014-2016 წლებში შევსებული დეკლარაციებით, ლანჩხუთის მერის ოჯახი 6 უძრავ ქონებას ფლობდა, მათ შორის, 5 ქონება მამის სახელზე იყო გაფორმებული. პირველი და ბოლო დეკლარაციების შედარება დიდ განსხვავებას იძლევა. მიზეზი ისიცაა, რომ 2014-2016 წლებში დეკლარაციების შევსების წესი განსხვავებული იყო, მონაცემები დაუზუსტებელი და დეტალების გარეშე იწერებოდა, ამდენად, რეალური სურათის ჩვენება შეუძლებელია.

2014, 2015 და 2016 წლებში სარიშვილები 6 უძრავ ქონებას ფლობდნენ. მათგან ერთის 100%-იანი წილის მფლობელი იყო ლანჩხუთის მერი, დანარჩენი ხუთის კი – მისი მამა.

ამ სამ დეკლარაციაში სამი ისეთი ქონება ფიქსირდება, რაც შემდგომ შევსებულ არცერთ დეკლარაციაში არ ჩანს და ვერც ის ირკვევა, სად წავიდა ეს ქონება. მაგალითად: 2014-2016 წლების დეკლარაციებში მითითებულია, რომ ალექსანდრე სარიშვილი ისევ სოფელ ჩოჩხათში ფლობდა 20 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მისი მამა ამავე სოფელში 30 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და სოფელ სუფსაში 2 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთს.

სუფსის მიწის ნაკვეთი, ამ სამი დეკლარაციის გარდა, არსად იძებნება, ისევე, როგორც ჩოჩხათში არსებული 20 000 და 30 000 კვ.მ.-იანი მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლიც სარიშვილს 2014, 2015, 2016, 2017, 2018 წლებში აქვს, 2019-2020 წლებში აღარ აქვს და 2021-ში უკვე სხვა სოფელში და სხვა მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება.

სად ქრება და როგორ ჩნდება მიწის ნაკვეთები, სარიშვილის მიერ შევსებული დეკლარაციებიდან ამის გაგება, უბრალოდ, შეუძლებელია. დეკლარაციებს შორის განსხვავება ასე გამოიყურება:

2014-2016 წლები – 61,414 კვ.მ. ფართობის 5 მიწის ნაკვეთი და ერთი 200 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი;

2017 წელი – 9,915 კვ.მ. ფართობის 3 მიწის ნაკვეთი და ერთი 200 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი;

2018 წელი – ისევ 9,915 კვ.მ. ფართობის, მაგრამ ამჯერად 4 მიწის ნაკვეთი და ერთი 200 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი;

2019-2020 წლები – 10,000 კვ.მ. ფართობის 5 მიწის ნაკვეთი.

2021 წელი – 23,330 კვ.მ. ფართობის 5 მიწის ნაკვეთი და ერთი საცხოვრებელი ბინა ფართის მიუთითებლად.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ალექსანდრე სარიშვილს ჰყავს 2015 წელს ნაყიდი ავტომანქანა MITSUBISHI, რაშიც 5000 აშშ დოლარი გადაუხდია. დეკლარაციის შევსების დღეს “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე სულ რაღაც 32,62 ლარი ჰქონდა.

მას 2018 წელს “საქართველოს ბანკიდან” გამოუტანია 20 000-ლარიანი სახელფასო სესხი, რომელიც 2020 წელს დაუფარავს.

ალექსანდრე სარიშვილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობიდან 2017-2020 წლებში ჯამში 80 366 ლარის შემოსავალი მიუღია: 2020 წელს – 25 567 ლარი; 2019 წელს – 24 437 ლარი; 2018 წელს – 24 701 ლარი; 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში – 5661,36 ლარი.

ალექსანდრე სარიშვილი ლანჩხუთის მერის პოსტს 2017 წლის ნოემბრიდან იკავებს. მანამდე,  2014-2017 წლებში, იყო სოფელ ჩოჩხათის მაჟორიტარი დეპუტატი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.  2013-2014 წლებში კი მუშაობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩოჩხათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად.

2014-2017 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან ჯამში მიღებული აქვს 76 736 ლარის შემოსავალი: 2014 წელს – 15 768 ლარი; 2015 წელს – 20 400 ლარი; 2016 წელს – 22 100 ლარი; 2017 წელს – 18 468 ლარი. ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩოჩხათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობიდან 2013 წელს 7 225 ლარის შემოსავალი მიუღია.

დეკლარაციაში მითითებულია მამის, ბადრი სარიშვილის მიერ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან 2014-2020 წლებში მიღებული შემოსავალიც – ჯამში 39 000 ლარი.

არც ლანჩხუთის მერი და არც მისი ოჯახის წევრები არ მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში, არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს და არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა აესახათ.