ახალციხეში ახლადრეაბილიტირებული კორპუსის ფასადი დაზიანდა

325

ახალციხეში, კოსტავას N41–ში ახლად რეაბილიტირებული კორპუსის ფასადი დაზიანდა. შენობიდან სამშენებლო მასალა ცვივა. აქ მცხოვრებლები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ფანჯრები რომ ჩასვეს, არ დაამთავრეს, კედლებს გასწორება უნდა. არ შელესეს კარგად. შიგნიდან, სახლიდან მე ჩემით გავაკეთე რაც საჭირო იყო, გარედან, კორპუსზე, მე ხომ არ გავაკეთებ რემონტს? ხარვეზები არის. ხომ იცით, მუშებს არ აინტერესებთ, დაბალ ანაზღაურებას აძლევენ და დიდად თავს არ იკლავენ საქმის კეთებით“,–ამბობს კორპუსის ერთ–ერთი მაცხოვრებელი.

მომხდარზე პროექტის დამკვეთს, მუნიციპალური განვითარების ფონდს დავუკავშირდით, სადაც აცხადებენ, რომ კონტრაქტორ კომპანიას, „საბა კონსტრაქშენს“ უკვე აქვს ინფორმაცია და მდგომარეობას ადგილზე ეცნობა. დეფექტების ან დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში კი ის ვალდებული იქნება არსებული პრობლემა აღმოფხვრას.

„პროგრამული ხელმძღვანელის ინფორმაციით, თუ რაიმე დეფექტი აქვს რეაბილიტირებულ კორპუსს, მათ ( „საბა კონსტრაქშენს“) აქვთ ვალდებულება, რომ გამოასწორონ თავისი ხარჯებით. დეფექტების პერიოდი ჯერ არ გასულა და გამოასწორებენ“,–აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

„სამხრეთის კარიბჭე“ კოსტავას N41–ში, ამავე კორპუსის რეაბილიტაციის შემდეგ, მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვებულ სამშენებლო ნაგავზეც წერდა. მგფ–ს ინფორმაციით, კომპანია ნარჩენების გატანის ვალდებულებასაც შეასრულებს.

კოსტავას N41–ში მდებარე კორპუსის რეაბილიტაციის სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი შეადგენს 2 წელს საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშოთა დასრულების თარიღიდან.

როდის და რა ვადებში მოახდენს „საბა კონსტრაქშენი“ კორპუსის დაზიანებული ფასადის რეაბილიტაციას–ამ ეტაპზე უცნობია. „სამხრეთის კარიბჭე“ აგრძელებს თემაზე მუშაობას.