ავტორი: ეკატერინე ბასილაია
ბესიკ ტაბიძე “ქართული ოცნებიდან” ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2021 წლის დეკემბრიდან მეორე ვადით იკავებს. პირველად ის ამ პოსტზე 2017 წლის ბოლოს აირჩიეს. ლანჩხუთის საკრებულოში კი 2014 წლიდანაა, ჯერ საკრებულოში ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე იყო, შემდეგ – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ტაბატაძეს ქონებრივი დეკლარაცია 11-ჯერ აქვს შევსებული, მათ შორის, პირველი – 2008 წელს, ჯერჯერობით, ბოლო კი – 2021 წლის აგვისტოში.
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე 1962 წელსაა დაბადებული, თუმცა, როგორც ჩანს, 2010 წლის დეკლარაციის შევსებისას, როცა ის შს სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო გურიის მხარეში, საკუთარი დაბადების წელი შეშლია და უწერია, რომ დაბადებულია 1966 წელს.
ტაბიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ბოლო დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მითითებულია მხოლოდ მეუღლე, ნატო დევაძე და, მეუღლესთან ერთად, ჯამში შვიდ უძრავ ქონებას ფლობს.
თავად ბესიკ ტაბიძეს ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანში მემკვიდრეობით მიღებული 2 მიწის ნაკვეთი აქვს. მათ შორის, 6238 კვ.მ ნაკვეთს 100%-იანი წილით ფლობს, ხოლო 6930 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელზეც 2 შენობა-ნაგებობა დგას – 33%-იანი წილით, დანარჩენი 33%-იანი წილის მფლობელები მეუღლე და ქალიშვილი არიან.
ოჯახს სოფელ ნიგვზიანში კიდევ 3 მიწის ნაკვეთი აქვს, თუმცა, ყველა ეს ქონება გაფორმებულია მეუღლეზე: 2020 წელს გაფორმებულია 7105 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 2006 წელს – 3097 კვ.მ და ისევ 2006 წელს – 1395 კვ.მ მიწის ნაკვეთი; რა ფორმით მიიღო ოჯახმა ეს ქონება, მითითებული არ არის.
ნატო დევაძეს 2016 წელს ქობულეთის სოფელ ზედა აჭყვაში მემკვიდრეობით მიუღია 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთის 10%-იანი წილი. ნაკვეთზე ერთი შენობა-ნაგებობა დგას. დანარჩენი წილის მფლობელების ჩამონათვალშია “ბაზისბანკი” და კიდევ 7 ადამიანი. მეწილეების წილის რაოდენობა მითითებული არ არის.
ნატო დევაძე ასევე ფლობს 92,98 კვ.მ ბინას ქალაქ ბათუმში, რომელიც 2018 წელს 18 000 აშშ დოლარად უყიდია.
არც საკრებულოს თავმჯდომარე და არც მისი მეუღლე ავტომანქანას არ ფლობენ. არ არიან ჩართულები სამეწარმეო საქმიანობაში და არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს.
ბესიკ ტაბიძე ფლობს ორ ცეცხლსასროლ იარაღს. MP 27 EM-1C 1500 ლარად 2019 წელს უყიდია, ხოლო MAKAROV PM ИН1317Ф 2009 წელს უჩუქებიათ. ვისგან მიიღო საჩუქარი, აღნიშნული არ არის.
დეკლარაციის შევსების დღეს ტაბიძეს “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 619,4 ლარი ჰქონდა; ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე – 1687,07 ლარი; ხოლო “ლიბერთი ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე – 7144,54 აშშ დოლარი.
ბესიკ ტაბიძეს “საქართველოს ბანკიდან” 2 სხვადასხვა სესხი აქვს აღებული: 17 970 ლარის სესხი აუღია 2017 წელს, რომელიც 2022 წელს უნდა დაფაროს და ამ სესხისთვის 2020 წელს 2909,3 ლარი გადაუხდია; მეორე სესხი 2019 წელს აუღია 5314,42 ლარის ოდენობით, რომელიც 2021 წელს უნდა დაფაროს და ამ სესხისთვის 2020 წელს 2708 ლარი გადაუხდია.
“საქართველოს ბანკიდან” სესხი გამოტანილი აქვს მეუღლესაც. ნატო დევაძეს 2017 წელს 5720-ლარიანი სესხი აუღია, რომელიც 2021 წლის ბოლოს უნდა დაეფარა და 2020 წელს ამ სესხისთვის 1496,73 ლარი გადაუხდია.
ბესიკ ტაბიძეს ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან 2020 წელს 25 567,2 ლარის შემოსავალი მიუღია.
პირველი დეკლარაცია ტაბიძეს 2008 წელს აქვს შევსებული, როცა მონაცემები ხელით ივსებოდა და ძალიან ზოგადი იყო, ამდენად, წინა წლების დეკლარაციები დიდ ინფორმაციას არ იძლევა. ამ დროს ტაბიძე შს სამინისტროს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსია.
რადგან საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი ბიზნესსაქმიანობაში არასდროს ყოფილა ჩართული, დეკლარაციებში მონაცემების ცვლილება მხოლოდ უძრავ ქონების ნაწილს ეხება.
2008 წლის დეკლარაციით, ოჯახის წევრებად მითითებულნი არიან: მეუღლე, 2 შვილი და დედა. ამ დროს ოჯახი 4 უძრავი ქონებას ფლობდა – სოფელ ნიგვზიანში 3700 კვ.მ საკარმიდამო ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლს; ხოლო მეუღლეს 8000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ჰქონდა სოფელ ნიგვზიანში და 550 კვ.მ მიწის ნაკვეთი – დაბა მახინჯაურში.
2009 წლის დეკლარაციაში ქონების ჩამონათვალში ჩნდება 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი კურორტ ბახმაროში. ხოლო დაბა მახინჯაურის მიწის ნაკვეთი უკვე არცერთ დეკლარაციაში აღარ წერია. ამ წლებში დეკლარაციების შევსებისას დეტალების მითითების ვალდებულება არ არსებობდა, ამდენად გაყიდა, თუ გააჩუქა ეს ქონება, გაურკვეველია.
2010 წლის დეკლარაციით, ოჯახი 5 უძრავ ქონებას ფლობდა, შეცვლილია მიწის ნაკვეთების ფართობებიც. ბესიკ ტაბიძე სოფელ ნიგვზიანში 3 მიწის ნაკვეთი ჰქონდა: 7000 კვ.მ; 8000 კვ.მ; 3700.00 კვ.მ ფართობებით და 169 კვ.მ საცხოვრებელ სახლი, ხოლო მეუღლეს – 100 კვ.მ აგარაკი კურორტ ბახმაროში.
შემდეგ ტაბიძე თანამდებობის პირი აღარ იყო. 2014 წლიდან ის ლანჩხუთის საკრებულოში ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე გახდა. 2014-2017 წლების დეკლარაციებში მისი უძრავი ქონება უცვლელია. უბრალოდ, 2017 წელს ყველა ქონებაზე მითითებულია, რომ 2010 წელს მემკვიდრეობითაა მიღებული.
2018 წლის დეკლარაციით, უკვე ჩნდება მეუღლის მიერ ბათუმში ნაყიდი ბინა და ოჯახს 6 უძრავი ქონება უხდება.
2019 წლის დეკლარაციით უძრავი ქონების რაოდენობა იკლებს. ქრება კურორტ ბახმაროში მემკვიდრეობით მიღებული აგარაკი, ასევე, სოფელ ნიგვზიანში ერთი მიწის ნაკვეთი, თუმცა, კონკრეტულად, რომელი, ამის გარკვევა რთულია, რადგან ყველა აღნიშნულ მიწის ნაკვეთის ფართობის მონაცემი შეცვლილია. ჯამში, თუკი 2019 წლამდე სოფელ ნიგვზიანში 18700 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობდა, 2019 წელს 2 მიწის ნაკვეთი ჰქონდა, ჯამში 9739 კვ.მ ფართობით.
2020 წლის დეკლარაციით, ოჯახის საკუთრებაში 7 უძრავი ქონება იყო. ამ წელს სოფელ ნიგვზიანში, 2-ის ნაცვლად, უკვე 4 მიწის ნაკვეთია აღნიშნული, ჯამში 14231 კვ.მ ფართობით. ბოლო დეკლარაციით, ტაბიძის ოჯახი ისევ 7 უძრავ ქონების მფლობელია, თუმცა, 17 835 კვ.მ-მდეა გაზრდილი სოფელი ნიგვზიანის 4 მიწის ნაკვეთის საერთო ჯამი.
წინა წლებში ბესიკ ტაბატაძეს ავტომანქანაც ჰყოლია. მაგალითად, 2014 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ,ჰყავდა 14 000 ლარად ნაყიდი mercedes benz VB777MN. ბოლო დეკლარაციაში ავტომანქანა აღნიშნული აღარ არის, გაასხვისა თუ გააჩუქა, გაურკვეველია.
რაც შეეხება ლანჩხუთის საკრებულოში მუშაობისას მიღებულ შემოსავალს. ბესიკ ტაბიძეს, 2014-2016 წლებში საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობიდან, მიღებული აქვს: 2014 წელს – 7 098.39 ლარი; 2015 წელს – 20 400 ლარი; 2016 წელს – 22 100 ლარი;
2017 წელს ის ლანჩხუთის საკრებულო თავმჯდომარის მოადგილე გახდა და 23 633,64 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
2017 წლის ნოემბრიდან ბესიკ ტაბიძე უკვე საკრებულო თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ თანამდებობიდან მას, 2017-2020 წლებში, ჯამში, 77 261 ლარის შემოსავალი მიუღია: 2017 წელს – 3 975 ლარი; 2018 წელს – 24 202 ლარი; 2019 წელს – 23 517 ლარი; 2020 წელს – 25 567 ლარი.
დეკლარაციების დიდ ნაწილში ასევე აღნიშნულია სოფლის მეურნეობიდან და თხილის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალიც. 8 დეკლარაციაში აღნიშნულია სოფლის მეურნეობიდან და თხილის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალიც. ოჯახს 8 წლის განმავლობაში ჯამში 57 200 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.