აუდიტი: გარდაბნის მერიამ გზის დაგებისთვის 662,1 ათასი ლარი გადაიხადა, თუმცა, გზა ისევ დაზიანებულია

437

გარდაბნის სოფლების, ნაგებსა და კალინინოში გზის დაგებისთვის მერიამ 662.1 ათასი ლარი გადაიხადა, თუმცა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ახლადდაგებული გზა რამდენიმე მონაკვეთზე დაზიანებულია. ამის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში წერია, რომ 2018 წლის 2 ნოემბერს მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გაუფორმა შპს „იბერს“, სოფელ ნაგებსა და კალინინოში გზის ასფალტირების სამუშაოების შესყიდვისთვის, სახელშეკრულებო ღირებულებით − 662.1 ათასი ლარი. პროექტი გულისხმობდა ერთფენიანი ასფალტის საფარის მოწყობას. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდნენ შპს „ოპტიმალ გრუპ+“-ის წარმომადგენლები. 2019 წლის 5 მარტს მიმწოდებელმა დაასრულა სამუშაოები. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ საექსპერტო კომპანიამ დაადასტურა შპს „იბერის“ მიერ შესრულებული ფარული და ხილული სამუშაოების მოცულობა, ღირებულება და ხარისხი.

აღნიშნული ასევე დადასტურდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში შექმნილი სამუშაოს მიმღები ჯგუფის მიერ, რის საფუძველზეც მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურდა სახელშეკრულებო ღირებულება.

2020 წლის 5 ივნისს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა აღნიშნული პროექტი. გამოვლინდა, რომ ასფალტის საფარი რამდენიმე მონაკვეთზე დაზიანებულია. აღნიშნული წარმოშობს რისკს, რომ მიმწოდებელმა სამუშაოები არ შეასრულა ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მოცულობების შესაბამისად.

დაზიანების გამომწვევი მიზეზებისა და შესრულებული სამუშაოების რეალური მოცულობების დასადგენად, აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა დამატებითი აუდიტორული პროცედურები.

„წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ირკვევა, რომ მიმწოდებელს რეალურად სოფლებში შეტანილი აქვს 1,732.0 კუბ.მ ფრაქციული ღორღი (0.40 მმ), შესრულებული სამუშაოების აქტებში კი მითითებულია შემასწორებელი ფენის, ასფალტის საფუძვლისა და გვერდულების მოწყობა 4,249.6 კუბ.მ ფრაქციული ღორღი (0.40მმ). შესაბამისად, სულ სოფლებში შეტანილია 2,517.6 კუბ. მ-ით ნაკლები მოცულობის ინერტული მასალა, ვიდრე შესრულებული სამუშაოს აქტებშია დაფიქსირებული. ფორმა №2-ში დაფიქსირებული ერთეულის ფასების მიხედვით, გამოუყენებელი ინერტული მასალის ღირებულება დარიცხვების გათვალისწინებით შეადგენს, დაახლოებით, 22.7 ათას ლარს.

აუდიტის ჯგუფმა, ინერტული მასალის ღირებულების გარდა, ასევე დათვალა თანმდევი სამუშაოების ღირებულება, რომელთა სხვაობამ დარიცხვების გათვალისწინებით შეადგინა 14.6 ათასი ლარი. საბოლოოდ, მიმწოდებლის მიერ შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 37.3 ათასი ლარი, რომელიც მუნიციპალიტეტს მიმწოდებლისათვის სრულად აქვს ანაზღაურებული.

აუდიტორული პროცედურებით მოპოვებულია საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები დასკვნის გამოსატანად, რომ ფარული სამუშაოების არასათანადო შესრულების გამო, ასფალტი დაზიანებულია და სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული,“- წერია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გარდა აღნიშნული შემთხვევისა, დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ დაზიანებულია 1,146.8 ათასი ლარის ღირებულების შესრულებული გზის ასფალტირების სამუშაოების ზოგიერთი მონაკვეთი.

„ამ სამუშაოების მოცულობებიც და ხარისხიც დადასტურებულია შპს „ოპტიმალ გრუპ+“-ის დასკვნებით და მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფის მიერ ჩაბარებულია სრულად. გარდა ამისა, დათვალიერების მომენტისათვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებში უნდა გამოსწორებულიყო არსებული ნაკლოვანებები. ობიექტებზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, აღნიშნული 4 შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა მიმართა მიმწოდებელს, თუმცა მათ დაზიანებები არ გამოუსწორებიათ, ხოლო დამატებითი ღონისძიებები, მერიას არ გაუტარებია. დანარჩენ სამ შემთხვევაში მერიას არ განუხორციელებია სათანადო რეაგირება აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად,“- წერია დოკუმენტში.

აუდიტის დასკვნაა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიღება- ჩაბარებას და პროექტების მდგომარეობის შესახებ მერიის დროულ ინფორმირებას.

ასევე საზედამხედველო კომპანია − შპს „ოპტიმალ გრუპი+“ არაჯეროვნად ახორციელებს შესრულებული სამუშაოების, მათ შორის, ფარული სამუშაოების მოცულობების კონტროლს. შედეგად, სამუშაოების მონიტორინგის, მიღება-ჩაბარების, მოვლა-პატრონობისა და საგარანტიო ვადის ეტაპზე არსებული მართვის სისუსტეების გამო, დაზიანებულია ინფრასტრუქტურული პროექტები და საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად იხარჯება.

მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, საგარანტიო პერიოდში პროექტების კონტროლზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, მათ მიმართ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, რაც არ განუხორციელებია.