სოფელი ოფრეთი მარნეულის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 50 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში დაახლოებით 60 ადამიანი ცხოვრობს, სკოლაში კი 20-მდე მოსწავლე დადის. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ოფრეთში ჯერ კიდევ არაა დაგებული შიდა და მისასვლელი გზა, არაა ბუნებრივი აირი და ნაწილობრივაა მოწყობილი გარეგანათება, მაგრამ 2021 წელს აქ კულტურის სახლს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ოფრეთში არსებული კულტურის სახლის გამაგრებითი სამუშაოების შესყიდვისათვის 215 297 ლარიანი ტენდერი 29 იანვარს გამოაცხადა.
„გაძლიერების პროექტი ითვალისწინებს შემდეგი სამუშაოების ჩატარებას: 1. ღიობების მოჩარჩოებას და ღიობთაშორისების გაძლიერებას არმატურის ბადეებით; 2. შენობის კედლებისა და ტიხრების გაძლიერებას არმატურის ბადეებით; 3. ძირითად შენობაზე მიბმული მიშენებების სრულ დემონტაჟს; 4. სახურავისა და სართულშუა გადახურვების სრულ დემონტაჟს; 5. მონოლითური რკინაბეტონის სეისმური სარტყელების, იატაკებისა და დახურვის ფილის მოწყობას; 6. წყალამრიდი და წყალშემკრები სისტემების მოწყობას; 7. სარინელის მოწყობას შენობის მთელ პერიმეტრზე. შენობის მშენებლობის პროცესში მკაცრად იქას დაცული სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ბეტონის შრობის პროცესების ნორმატიული ხანგრძლივობების დაცვას მათზე დატვირთვების გადაცემამდე და შედუღების ნაკერების ხარისხს“ – აღნიშნულია პროექტის კონსტრუქციული ნაწილის განმარტებით ბარათში
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 21-დან 26 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ. სატენდრო წინადადების მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სოფელ ოფრეთში კულტურის სახლის გამაგრებითი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.