კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ადამიანური და ფინანსური რესურსის ნაკლებობის გამო, მიმდინარე წელს ახალქალაქის ციხის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარუდოდ ვერ განხორციელდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ანთიძემ ციხის რეაბილიტაცია გასულ წელს დაანონსა და თქვა, რომ ტერიტორიის გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყებოდა.
„ერთი დიდი პროექტია მოსამზადებელი, თან კვლევითი ნაწილია ჩასატარებელი, რომელიც პირველ რიგში ადამიანურ რესურს მოითხოვს და შემდეგ დიდ ფინანსურ რესურსს. აი წელს, ძალიან მატყუარა ვიქნები ვთქვა, რომ რაღაცნაირად დავძრავ ამ პროცესს, გამომდის აქამდე შემომეტყუა, ძალიან მინდოდა, მაგრამ სხვა რეალობას წავაწყდით, 2019 წლამდე ცოტა ისე ვუყურებდით, იმიტომ რომ ფინანსები ზრდის პროცესში იყო და ვფიქრობდით, რომ ამასაც მოვერევით, იმასაც მოვერევით“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ “სამხრეთის კარიბჭეს” გადაცემაში “კვირის აქცენტი”.
მისივე თქმით, სამუშაოებისთვის აუცილებელია კარგი ჯგუფის შეკრებაც, რომელსაც ახლა ვერ შეძლებს.
„კატასტროფა გვაქვს ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, საქართველოს მასშტაბით წელიწადში 200 ძეგლი კეთდება, სულ 30-40 მოთამაშეა… დღეს სანთლით რომ ვეძებო ასეთი ჯგუფის შეკრება გამიჭირდება, იმიტომ რომ ყველა ასეთ ჯგუფს აქვს გარკვეული თავისი სფეროები და გეგმები, სამუშაო პროცესში ჩართულნი არიან“.