ჩხოროწყუში მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

353

ჩხოროწყუში მერის, დავით გოგუას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავების ფაქტზე გოგუამ რეაგირება დააგვიანა და ამიტომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

ჩხოროწყუს საკრებულოს წევრისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რამაზ გულუას განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით მერი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მოწოდებას არ ასრულებს და დამნაშავეებს ხელს აფარებს.

“ჩვენ ვითხოვთ მერთან შეხვედრას. დაველოდებით რამდენიმე წუთი, საკრებულოს წევრები და აქტივისტები. თუ ის დაგვემალება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ ასრულებს პრემიერ – მინისტრის მოწოდებას. თუ მას არ მოუსმენია პრემიერ – მინისტრის განცხადება, მიგვიწვიოს თავის კაბინეტში და მოვასმენინებთ.

აუცილებლად ვითხოვთ მერის პასუხისგებას, ის აფარებს თავის მოძალადე თანამშრომლებს ხელს. მას რამოდენიმე საათი დარჩა იმისთვის, რომ იფიქროს და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა საკრებულოს წევრმა რამაზ გულუამ.

25 იანვარს, ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები მერიის შენობის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. როგორც მერიაში განმარტეს, ინიციატივა დასუფთავების ყოფილ თანამშრომელს ეკუთვნოდა და მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.