ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

336

ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ბაქნები და საბავშვო მოედნები, გარეგანათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა. ამ ეტაპზე პარკში, სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად, ატრაქციონების მონტაჟი მიმდინარეობს.

ცენტრალურ პარკში არსებულ ვითარებას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცნენ. იგეგმება ტერიტორიის მწვანე (დეკორაციული და ხე მცენარეები) ნარგავებით შევსება, ახალი შადრევნების მოწყობა და სხვა ღონისძიებები.

ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ობიექტია. ცენტრალური პარკი ორ საუკუნეზე მეტს ხანს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში იგი ფოთელთა თავშეყრის, კულტურული და პოლიტიკური აქტივობების ძირითადი ადგილი იყო. ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომლის განხორციელება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, გასულ წელს დაიწყო. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება.