ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი გადავიდა გადახდის ელექტრონულ სისტემაზე.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, ეს სიახლე მნიშვნელოვანია კორონავირუსის საპრევენციოდ, რადგან მგზავრებს ფულთან შეხება არ ექნებათ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
მისივე ინფორმაციით, ზუგდიდის ავტოპარკი 20 ახალი ავტობუსით განახლდა, ხოლო უახლოეს დღეებში დამატებით 5 ავტობუსი დაემატება.
მუნიციპალურ ტრანსპორტზე მოქმედებს შეღავათები. შეღავათით ისარგებლებენ: მოსწავლეები, სტუდენტები, უფასო სასადილოს ბენეფიციარები, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, საპატიო ზუგდიდელები.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ავტობუსში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან, ასევე, დაცული იქნება დისტანცია.
მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღე იმოძრავებს, გარდა შაბათ-კვირისა.
დღეიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა.