საზოგადოებრივი მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” წევრები ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძეს წერილობით მიმართავენ და ბულვარში “ამბასადორი ბათუმის” მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე მილორავა აცხადებს, დაუყოვნებლივ უნდა ჩაინიშნოს საკრებულოს სხდომა და ეს საკითხი განიხილონ.
“29 იანვარს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ განაცხადა, რომ “ამბასადორის” მშენებლობის მიმდებარე ტერიტორია არ ეკუთვნის ბულვარს. შესაბამისად, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არ ჰქონდა ლეგიტიმაცია გაეცა ნებართვა ამ მშენებლობაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართეთ სულიკო თებიძეს, რომ მოიწვიოს საკრებულოს სხდომა, სადაც იქნება წარმოდგენილი მეორე მხარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყველა წევრი და დირექტორი, მოხდეს, საჯარო განხილვა, ეს ტერიტორია ეკუთვნის ბათუმის მერიას თუ ბულვარს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ჩვენ უნდა გავერკვეთ აუცილებლად, გასცა თუ არა ლეგიტიმურმა დაწესებულებამ მშენებლობაზე ნებართვა. თუ ეს ასე არ არის, მაშინ საკრებულომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ გაჩერდეს ეს მშენებლობა და ჩაინიშნოს ნებართვის გაცემის ხელახალი განხილვა”,- განაცხადა ალექსანდრე მილორავამ.
საკითხს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყველაზე ოპტიმალურ პროექტზე შეჯერდა.
”ერთხელ უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, არცერთი მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის მიღმა არ განხორციელდება. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, შესაბამისმა საბჭომ იმსჯელა და ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალურ და მისაღებ პროექტზე შეჯერდა”, – განაცხადა რიჟვაძემ.