ბათუმის ცენტრში კიდევ ერთი მრავალსართულიანი სასტუმრო გაზრდილი კოეფიციენტით და სგშ-ს გარეშე აშენდება

688

ავტორი: რუსა მაჩაიძე

ბათუმის საკრებულომ ქალაქის ცენტრში, რუსთაველის და ნინოშვილის ქუჩებს შორის, ორი ცათამბჯენის მშენებლობის ახალი კონცეფცია დაამტკიცა, რაც მშენებლობის კოეფიციენტის გაზრდას ითვალისწინებს. საკრებულოს დადგენილებაში კოეფიციენტის გაზრდა მაკომპენსირებელ ღონისძიებად არის მიჩნეული.

მართალია, საკრებულოს კოეფიციენტის გაზრდის უფლება კანონით აქვს, მაგრამ პრობელმა ის არის, რომ კონცეფციის დამტკიცებამდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას (სგშ-ს) არ დაექვემდებარა, რაც მთელ რიგ კითხვებს აჩენს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც დღეს რამდენიმე მრავალსართულიანი სასტუმრო ფუნქციონირებს, კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს “ვესტინვესტი” და “ბრიტიშ დეველოპმენტი” გეგმავენ.

როგორც „ბათუმელები” წერდა,  სახელმწიფომ ეს მიწა კომპანია “ვესტინვესტს” 525 001 ლარად 2016 წელს მიჰყიდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2017 წელს ეს კომპანია, ნაყიდ მიწის ნაკვეთთან ერთად, 4 300 000 აშშ დოლარად (ლარის ეკვივალენტით) მიჰყიდეს “ორბი ლოჯისტიკ ჯგუფს”. ამასთან, ახალ მფლობელს 25-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც გადაეცა.

“ორბი ლოჯისტიკ ჯგუფთან” არის დაკავშირებული შპს “ბრიტიშ დეველოპმენტიც”. შპს “ბრიტიშ დეველოპმენტი” 2017 წელს ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულმა კომპანიამ დააფუძნა, დირექტორად ჯორჯი რურუა ფიქსირდებოდა. 2018 წლიდან კი, კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი ბიზნესმენი ზვიად ზოიძე გახდა. ახლა უკვე კომპანიის მფლობელი ზაზა ზოიძეა.

კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია (გდგ) მერიას 2021 წელს წარუდგინეს, რითაც მშენებლობის კოეფიციენტის გაზრდას ითხოვდნენ. ამ კონცეფციის თანახმად, პროექტირების განხორციელების მთავარი მიზანია აღნიშნული კვარტალის, როგორც არქიტექტურული, ისე ფუნქციური თვალსაზრისით, მათ შორის, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ერთიანი კონცეფციით განვითარება. ამ პროექტის განხორციელებისთვის კი აუცილებელ პირობად კოეფიციენტის გაზრდა იყო მოთხოვნილი.

შესაბამისად, ბათუმის საკრებულომ მშენებლობის კოეფიციენტის გაზრდა მაკომპენსირებელ ღონისძიებად მიიჩნია და კომპანიებს მშენებლობის კოეფიციენტი გაუზარდა.

„კანონმდებლობით განსაზღვრული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს: საპროექტო მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N05.23.02.020, N05.23.01.001) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადა­მე­ტებული) კ​1/​2 მაჩვენებლის 5 %-ს ოდენობით საცხოვრებელი ფართობის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემით ან დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ​1/​2 მაჩვენებლის 5%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართობის საბაზრო ღირებულების ოდენობით სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით (მათ შორის, სხვა ტერირიტორიაზე) საცხოვრებელი ფართების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემით“, – ნათქვამია ბათუმის საკრებულოს 2022 წლის 29 სექტემბრის დადგენილებაში.

შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება სასტუმროს დანიშნულების ორი მრავალსართულიანი შენობა, რომელთა დაახლოებითი სიმაღლე იქნება 180 მეტრი, ხოლო სართული – 55. ძირითად ნაწილში დაგეგმილია სასტუმრო ნომრების/აპარტამენტების განთავსება, ხოლო ნაწილში –  სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების საზოგადოებრივი და კომერციული ფართების განთავსება.

თუმცა, საინტერესო ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება საკრებულომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) გარეშე მიიღო.

ცნობისთვის, სგშ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურაა, რომელიც მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის დამტკიცებისას.

სგშ-ის იგნორირების მიზეზად კი დოკუმენტში ის არის ნათქვამი, რომ ეს მშენებლობა, მისი მიზნიდან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს და შესაბამისად, შეფასება არ არის საჭირო.

„გეგმარებითი ერთეულზე არ არის დაგეგმილი ჰაერის, წყლის და ნიადაგის დამაბინძურებელი ობიექტების განთავსება და შესაბამისად გეგმარებითი ერთეული არ მოახდენს უარყოფით გავლენას გარემოზე. პროექტი არ ითვალისწინებს საჯარო სივრცეებში განთავსებული ხის მოჭრას. სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს წარმოშობილი ზედმეტი გრუნტი და სამშენებლო ნარჩენები გატანილ იქნება შესაბამისი სამსახურების მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. სასტუმრო კომპლექსები თავისი სპეციფიკით არ გამოიწვევს ხმაურს და აკუსტიკური რეჟიმის დარღვევას. საპროექტო ტერიტორიაზე არ არის წარმოდგენილი ჭარბტენიანი ტერიტორიები, ამდენად, მასზე რაიმე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი. მიმდებარე გზები და ნაკვეთები უზრუნველყოფილია სანიაღვრე სისტემით. ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენების (სახეობის მიხედვით დახარისხებული სახით) გატანა მოხდება ორგანიზებულად ქალაქ ბათუმის დასუფთავების სამსახურის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. თავისი სპეციფიკის, მასშტაბისა და მდებარეობიდან გამომდინარე ობიექტის ექსპლუატაციამ არ შეიძლება გამოიწვიოს რაიმე ტრანსსასაზღვრო უარყოფითი ზემოქმედება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასტუმრო კომპლექსების განთავსება და მისი შემდგომი ექსპლუატაცია, ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, ვერ/არ მოახდენს მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას გარემოზე. თანახმად გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-20 და 21-ე ნაწილებისა, სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ეხება თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიას, არ ექვემდებარება სგშ-ს”, – ნათქვამია განაშენიანების გეგმის პროექტში.

გარდა ამისა, კანონმდებლობით ისიც არის განსაზღვეული, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მერიას რჩება უფლება, თუ საჭიროდ მიიჩნევს, დააზუსტოს შესამუშავებელი გეგმისთვის სგშ-s საჭიროება, იგი უფლებამოსილია, შესაბამის უწყებებს მიმართოს სკრინინგის განცხადებით, რომლის შედეგების მიხედვით ჩატარდება ან არ ჩატარდება სგშ.

განაშენიანების გეგმის პროექტში კი ამ სკრინინგის ჩატარების საჭიროებაც გამორიცხულია.

“ვინაიდან გეგმარებითი ერთეული მდებარეობს თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე და მისი განვითარება არ ახდენს გარემოზე ხანგრძლივ და შეუქცევ ან მაღალი კუმულაციური ეფექტის მქონე ზემოქმედებას, გარემოს ან/და ადამიანის ჯანმრთელობას არ უქმნის მომეტებულ რისკს, არ ახდენს ზემოქმედებას უნიკალური ბუნებრივი მახასიათებლების, ან კულტურული მემკვიდრეობის შემცველ ტერიტორიაზე, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე, იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი, ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განაშენიანების დეტალური გეგმა არ საჭიროებს სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას და სკრინინგის პროცედურას”, – ნათქვამია განაშენიანების გეგმის პროექტში.

შესაბამისად, საკრებულომ დაასკვნა, რომ  “სამშენებლოდ განვითარების მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის განხორციელება, გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისა და სწორი მენეჯმენტის პირობებში, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას არ იქონიებს” და  ბათუმის ცენტრში კიდევ ერთი მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობის გეგმა კიდევ უფრო გაზრდილი კოეფიციენტით დაამტკიცა.