ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, რომ ბათუმის მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს გაზრდას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის წევრები ამ საკითხის საკრებულოს დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, ბათუმში მძიმე სოციალური მდგომარეობაა და ხელფასების ზრდის დრო არ არის.
ბათუმის საკრებულო, მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე და ბათუმის მერიის თანამდებობის პირების, ასევე საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს გაზრდასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს.
“ბათუმის დატბორვიდან მეორე დღეს, ბათუმის საკრებულომ და მერიამ იმის ნაცვლად, რომ ამ ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, ქალაქში მცხოვრებთა სოციალურ მდგომარეობაზე ეზრუნათ, გადაწყვიტეს მყისიერად ხელფასების გაზრდა”,- აცხადებენ ოპოზიციაში.
დღესვე ბათუმის საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხს განიხილავენ. მათ შორისაა, ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების საკითხი.