ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოში მომხდარ ფაქტზე განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

338

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ფაქტის იდენტიფიცირებისთანავე დაიწყო მოკვლევა, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ნებისმიერ დარღვევას შესაბამისი მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

საქმე ეხება სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები მერიაში მიიყვანეს და შიდა ოთახები და საპირფარეშო დაალაგებინეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია მოკვლევა და საქმეს შსს იძიებს. სკოლის დირექციასა და მერიაში კატეგორიულად უარყოფენ ფაქტს და აღნიშნავენ, რომ მოსწავლეები მერიაში კონკრეტულმა პირმა, თვითნებურად მიიყვანა. ამას ადასტურებს მერიის თანამშრომელიც, რომელმაც მეორე საჯაროს სკოლის მოსწავლეები მერიის ტუალეტების დასასუფთავებლად წაიყვანა. ეთერ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ თვითნებურად მოქმედებდა და მერიის ხელმძღვანელობა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები “შაბათობაზე” დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს პოლიცია იძიებს.

“პანდემიაა, სკოლები ძლივს გახსნეს, ამ დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის დირექციის თანხმობით გააყოლეს უცხო პირს, ე.წ. შაბათობაზე. ახლა რა მოხდა სინამდვილეში – ამ უცხო პირმა (არანაირ შემხებლობაში არ იყო სკოლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან) ბავშვები წაიყვანა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და საპირფარეშო ახეხინა/აწმენდინა. გაუგებარია, როგორ არ მოიძებნა მერიის შენობაში არავინ, ვინც, შეაჩერებდა ამ მარაზმს და ბავშვებს არ მოუწევდათ იმ სიბინძურის წმენდა”, – წერს მოქალაქე.