არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ ახალციხის ქუჩები კვლავ საარჩევნო პლაკატებითაა აჭრელებული

343

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან სამ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა პარტიების ნაწილი პლაკატების ჩამოხსნას არ ჩქარობს. საარჩევნო კოდექსის თანახმად კი, მათ ქუჩები და შენობები სააგიტაციო მასალებისგან, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან, 15 დღის ვადაში უნდა გაასუფთაონ. იურისტები სანქციების გამკაცრებაზე საუბრობენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი გვარამაძე სააგიტაციო მასალების ჩამოხსნის დაგვიანების მიზეზად კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და ყინვებს ასახელებს.

„ეტაპობრივად მიმდინარეობს ამ პლაკატებისგან გაწმენდა ქალაქის ქუჩების და გაზაფხულამდე სრულად გასუფთავდება. გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდვები იყო და ამას თან ახლდა მაღალი ყინვები ცოტა შეფერხდა, თუმცა ეტაპობრივად მიმდინარეობს“, –ამბობს გიორგი გვარამაძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურა სადათიერაშვილი განმარტავს, რომ სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა, დაწყებული აქვთ, თუმცა რჩება ქუჩები სადაც ჯერ კიდევ გაკრულია.

„ძირითადად გავასუფთავეთ სადაც იყო, ზოგჯერ ხდება, რომ ჩვენი პლაკატები მიაქვთ და სხვაგან აკრავენ და შესაძლოა ეს დარჩა“, – ამბობს სადათიერაშვილი.

იგივე პასუხი აქვთ „ლელოშიც“, პარტიაში ამბობენ, რომ პლაკატების ნაწილი უკვე ჩამოხსნეს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიაში აცხადებენ, რომ მათ რეგიონის მასშტაბით სააგიტაციო მასლების ჩამოხსნა არ დაუწყიათ, მიზეზი კი რამდენიმეა:

„მითითება არც მიგვიღია, არც გაფრთხილება და ჯარიმა არ ყოფილა. რაც შეეხება პლაკატების ჩამოხსნას, ამ ეტაპზე განსხვავებული სიტუაციაა, სხვა არჩევნების დროს ჩამოვხსნიდით, ახლა არ ვიცით, კონკრეტული გეგმა არ გვაქვს, მომავალში ვნახოთ… ჩვენ ვდგავართ გაყალბებული არჩევნების წინაშე, ასევე არჩევნების შემდეგ პარტიაში იყო ინფიცირების შემთხვევები და გამოკეტილი ვიყავით, ამას ემატება უამინდობა, ასვე რეგულაციები, რომ სამი კაცი არ უნდა შეიკრობოს და ა.შ“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ივერი ბალახაშვილი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46–ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად,  საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა: წინააღმდეგ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლით დაეკისრება, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას 50 ლარის ოდენობით. პარტია მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა დააჯარიმოს.

„სანქცია მოქმედებს, მაგრამ არა იმხელა, რომ პარტიის წარმომადგენლებს აიძულოს სათანადო წესით სააგიტაციო ნარჩენების ჩამოხსნა, სწორედ ეს არის პრობლემა. ამიტომ მუნიციპალიტეტი თავად უზრუნველყოფს ქალაქის იერსახის მწყობრში მოყვანას“, – ამბობს საიას იურისტი, ქეთი ბებიაშვილი.

დაეკისრა თუ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას სანქცია, უცნობია, ახალციხის მერიაში აღნიშნულ კითხვას არ პასუხობენ. თვითმმართველობაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა პლაკატების ჩამოხსნის პროცესი დაიწყეს.

„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება, საარჩევნო–სააგიტაციო მასალებისგან ეტაპობრივად იწმინდება ქალაქის ქუჩები და გამოყოფილი ადგილები, კონკრეტული ქუჩები არ ვიცით მაგრამ უახლოეს ხანებში დასრულდება“, – განაცხადეს მერიაში.