საპროტესტო აქცია გაიმართა გვიან ღამით “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან. შეკრებილებმა მმართველი პარტიის მიერ მარნეულის მერობის კანდიდატის შეცვლა გააპროტესტეს და პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს.
3 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. მარნეულის მერობის კანდიდატად კენჭს თეიმურაზ აბაზოვი იყრის. რაც შეეხება მარნეულის მერობის ყოფილ კანდიდატს, ამირან გიორგაძეს, ის საკრებულოს სიის პირველი ნომერი იქნება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გიორგაძის მხარდამჭერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მარნეულის მერობის ყოფილი კანდიდატის ერთ-ერთი მხარდამჭერის, მალხაზ სამაშვილის თქმით, პარტიის პოზიცია მათთვის მიუღებელია.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” 7 სექტემბერს წარდგენილი მარნეულის მერობის კანდიდატი ამირან გიორგაძე თეიმურაზ აბაზოვით შეცვალა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.