ახალციხის მერიასა და გამგეობაში კომისიები შეიქმნა, მათ მუნიციპალიტეტებში არსებული უძრავ–მოძრავი ქონება უნდა აღწერონ;
ახალციხის მერიასა და გამგეობაში შექმნილ კომისიებში თითქმის ყველა სამსახურის წარმომადგენლები არიან. მერიაში კომისიის თავმჯდომარე მერის მოადგილე ილია ზარდიაშვილია, გამგეობაში კი გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე.
როგორც ზარდიაშვილი ამბობს, კომისია 6 სექტემბერს შეიქმნა, თუმცა ამ დრომდე მუშობა არ დაუწყია. მისი თქმით, კომისია მომავალ კვირაში შეიკრიბება.
„არ იქნება რთული, რადგან პირველადი დოკუმენტები, ფაქტობრივად, ყველაფერია. ეს უნდა გადამოწმდეს და მის სისტემატიზება მოვახდინოთ“, – ამბობს ილია ზარდიაშვილი.
მერიისგან განსხვავებით, გამგეობაში აცხადებენ, რომ შესასრულებელი საქმე საკმაოდ შრომატევადია და შესაბამისად, აქ მუშაობაც დაიწყეს.
„კომისიის წევრები აღწერენ როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში არსებულ უძრავ–მოძრავ ქონებას, ასევე გადიან სოფლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი ბაია იველაშვილი.
მისი თქმით, ეს მარტივი პროცესი არ არის: „ჯერ მხოლოდ მთლიანი არქივია აღსაწერი“.
კომისიებმა ქონების ნუსხა პირველ ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ და არჩევნების დასრულების შემდეგ შექმნილ ახალ მუნიციპალიტეტს გადააბარონ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ დადგენილბა ( №416) მთავრობამ 31 აგვისტოს გამოსცა.