NDI: გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება, 33% — ცუდად

438

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება, 33%-ს აზრით კი ცუდად.

გამოკითხვაში მონაწილეთა 31% ქართული ოცნების მხარდამჭერია, 14% ოპოზიციის, 54% კი პარტიას არ ასახელებს. ქართული ოცნების მხარდამჭერების 87% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება, ოპოზიიის მხარდამჭერთა 61% კი ფიქრობს, რომ ცუდად.

ამავდროულად, გამოკითხულთა 33% ფიქრობს, რომ ყველაზე ცუდი უკვე უკან მოვიტოვეთ, 39%-ის აზრით, კი ეს ჯერ კიდევ წინ არის. 6%-ს ჰგონია, რომ კორონავირუსი არ წარმოადგენს დიდ პრობლემას.

კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1%-ია. NDI-ში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.